სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიასა" და "შინ ევროპისკენ" წარმომადგენელი შოთა დიღმელაშვილი განმარტავს ეროვნული თანხმობის შემადგენლობასთან დაკავშირებულ საკითხს.
დიღმელაშვილის თქმით, ეროვნული თანხმობის მთავრობის შემადგენლობაში არ უნდა შედიოდნენ არც სახალხო მოძრაობის სახეები და არც მოქმედი პოლიტიკოსები.
"ხაზი უნდა გაესვას, რომ არცერთი ადამიანი, ვინც საერთო სახალხო მოძრაობის სახელით საზოგადოებას ვესაუბრებით, არ ვიბრძვით სკამებისთვის. ჩვენ ვიბრძვით არა ჩვენი, არამედ ხალხის ძალაუფლებისთვის. იმისთვის, რომ ჩვენი მთავრობა ჩვენ წარმოგვადგენდეს და არა ოლიგარქს.
ეროვნული ერთობის მთავრობის წევრები შეირჩევიან სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური და სახელისუფლებო პარტიების კონსენსუსით, რათა დაიძლიოს პოლარიზაცია. ეროვნული თანხმობის მთავრობაში არ უნდა შედიოდნენ არც სახალხო მოძრაობის სახეები, არც მოქმედი პოლიტიკოსები.
ეროვნული ერთობის მთავრობა უნდა იყოს მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე დარგობრივი სპეციალისტების დროებითი ერთობა, შექმნილი ერთადერთი მიზნით - მშვიდობიანად და აუცილებელი რეფორმებით ატაროს ქვეყანა ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებელი ვადის მანძილზე"- წერს დიღმელაშვილი.
შეგახსენებთ, 24 ივნისს, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე, მოძრაობამ "შინ ევროპისკენ" წამოაყენა მთავარი მოთხოვნები - ერთი კვირის ვადაში პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის გადადგომა და ეროვნული თანხმობით მთავრობის ჩამოყალიბება, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციის 12-ვე პუნქტს შეასრულებს.
მოძრაობის მესვეურებმა ამ მოთხოვნების შესასრულებლად ხელისუფლებას 1-კვირიანი ვადა მისცეს.