"ქრისტიან-დემოკრატებს" იმედი აქვთ, რომ ეუთოს სამიტზე ევროპელი ლიდერები რუსეთის პრეზიდენტის თანდასწრებით საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს გააკეთებენ. ამის შესახებ "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა ნიკოლოზ ლალიაშვილმა ეუთოს სამიტის შეფასებისას აღნიშნა.
"რა შეიძლება კარგი მოხდეს - ეუთოს ასამბლეას დაესწრება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი და იმედი მაქვს, რომ ჩვენი დასავლეთევროპელი პარტნიორები, ისევე როგორც ვარშავაში, ლისაბონსა და სტრასბურგში, ჩვენი ქვეყნის მიმართ ურყევ მხარდაჭერას ასტანაშიც გამოხატავენ", - აღნიშნა ლალიაშვილმა.
მისი შეფასებით, ეუთოს სამიტზე კონკრეტული შედეგების მიღწევასთან დაკავშირებით გადაჭარბებული მოლოდინი არ უნდა შეიქმნას, რადგან ეუთო არის ორგანიზაცია, სადაც გადაწყვეტილების მიღება კონსესუსის გზით ხდება.
"არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეუთოს წევრი არის რუსეთის ფედერაცია, ამიტომ რაიმე შედეგს არ უნდა ველოდეთ", - აცხადებს იგი.
შეგახსენებთ, რომ 1-2 დეკემბერს ასტანაში ეუთოს სამიტი გაიმართება, რომელზედაც ორგანიზაციის წევრი ქვეყნები უსაფრთხოების ახალ დოკუმენტს მიიღებენ. ქართული დელეგაცია სამიტზე დასაწრებად ასტანაში უკვე გაემგზავრა.