ქართველმა მწერლებმა ბელა ახმადულინას ოჯახს სამძიმრის წერილი გაუგზავნეს, ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს მწერალთა კავშირის თავჯდომარემ მაყვალა გონაშვილმა აცნობა.
მისი თქმით, საქართველოს დელეგაცია ცნობილი რუსი პოეტის ბელა ახმადულინას სამძიმარზე ჩასვლას ვერ ახერხებს.
"საქართველოს დიდი მეგობარი დაეღუპა. ბელა ახმადულინა იყო ცნობილი მთელი სამყაროსთის. ის პირველი პოეტი იყო რუსეთში. ძალიან სამწუხაროა მისი გარდაცვალების ფაქტი. ქართველი მწერლები სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახსა და ყველა მის ახლობელს. მე, ჭაბუა ამირეჯიბმა, ჯანსუღ ჩარკვიანმა და სხვა მწერლებმა თუ პოეტებმა რუსეთში სამძიმრის წერილი გავგზავნეთ, სამწუხაროდ სამძიმარზე ჩასვლა არ ხერხდება", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას მაყვალა გონაშვილმა.
რუსული ინტელიგენციის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი და საქართველოს დიდი მეგობარი, ლეგენადრული პოეტი ბელა ახმადულინა 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო ბოლო პერიოდში იგი ხშირად ავადმყოფობდა.
ჯერ კიდევ ივლისში პოეტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ექიმებმა განაცხადეს, რომ მისი პრობლემები ასაკს უკავშირდება და ისინი უმწეონი არიან.
შეგახსენებთ, რომ ბელა ახმადულინა საქართველოზე შექმნილი არა ერთი პოეტური შედევრის ავტორია.