საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ორბელიანების სასახლეში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშის წარდგენას გამოეხმაურა, რომელიც ხმაურის ფონზე წარიმართა.
პრეზიდენტის განცხადებით, სრულიად შეშფოთებულია იმ გზავნილებით, რაც დღეს პარლამენტში გაისმა. ამავდროულად, მან პრემიერ ღარიბაშვილის გზავნილებს აბსურდული და შეურაცხმყოფელი უწოდა.
"ერთი მხრივ მოსახლეობა ყველაფერს აკეთებს, რომ თავისი სათქმელი თქვას. ის, რაც ჩვენ ორშაბათს ვნახეთ ნამდვილად იყო საზოგადოების გამოხატულება. სამწუხაროდ, დღეს ვნახეთ მეორე სახე, მე ვარ სრულიად შეშფოთებული იმისგან, რაც პარლამენტში მოვისმინე. რაც დავინახეთ ეს არის იმის საწინააღმდეგო, რაც საზოგადოებამ აჩვენა, საზოგადოებამ აჩვენა თავშეკავება, ზრდილობა ერთმანეთის პატივისცემა, პარლამენტმა საპირისპირო აჩვენა. დაპირისპირება, ლანძღვა, ერთმანეთის გაუტანლობა, ერთმანეთის არმოსმენა, ყველაფერი, რაც შეიძლებოდა გვეჩვენებინა ჩვენი უარყოფითი სახის შესახებ, ვაჩვენეთ. ამას დაემატა პრემიერის გამოსვლა, რომელიც თუ რამე გამოსვლა ყოფილიყო, რომელიც გაგზავნიდა ბრიუსელისკენ ნეგატიურ სურათს და გზავნილს, რომ ჩვენ ჩვენ ყველაზე კარგები ვართ თურმე, ყველაფერი კარგად გავაკეთეთ, არაფერი გვიჭირს, ვართ ბევრად უკეთესები, ვიდრე თქვენი უკრაინა და მოლდოვა, ვერ გავიგეთ რატომ არიან ისინი ჩვენზე წინ, ერთადერთი ალბათ იმიტომ, რომ თქვენ ომი გინდოდათ და ჩვენ არა. აბსურდი და შეურაცხმყოფელი იყო თავისი შინაარსით. შენ როცა ელოდები ჩვენი პარტნიორებისგან ესოდენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, სულ მცირე მოგეთხოვება ორი რამ – ერთი, რომ შენი ხალხის ხმა გაიგო, რაც მოეთხოვება ნებისმიერ ხელისუფლებას და მეორე, რომ შენ გაიგო შენგან რას ელოდებიან ის პარტნიორები, რომლებიც ზეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას. ისინი ელოდებოდნენ ერთ მარტივ რამეს, რომ გამოთქმულიყო ნება, კი ჩვენ წავიკითხეთ რეკომენდაციები, ამას ჩვენ გავაანალიზებთ და მზად ვართ, ყველამ ერთად არაპოლარიზებულად, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ წლის ბოლოს შევასრულოთ ის, რაც არის ჩვენს მიმართ გზავნილი, რომ თუ გადადგამთ რამდენიმე ნაბიჯს, პოლიტიკური ნება გამოჩნდება, თქვენ მიიღებთ კანდიდატის სტატუსს. ვინც მოუსმინა, მგონი გაოგნებულია დღევანდელი დღით. მეც ვარ გაოგნებული. მინდა აქედან გავაგზავნო ბრიუსელში სხვა გზავნილი, რომ ეს არ არის საქართველო, ეს არ არის საქართველოს მოსახლოების ნება, ეს არ ვიცი რას წარმოადგენს, ნებსით ხდება თუ უნებლიეთ, საგანგებოდ არის გაკეთებული თუ არა, უკვე ამ ყველაფერზე პასუხი აღარ მაქვს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.