აშშ მხარს უჭერს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპელ მეზობლებთან შემდგომ ინტეგრაციას. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა.
სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინზე ნედ პრაისმა თქვა, რომ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ბოლო ათწლეულებია დასავლური ღირებულებებისკენ მისწრაფვიან და ამ გზაზე, მათ აშშ მტკიცედ უჭერდა მხარს.
"ეს ქვეყნები ათწლეულების განმავლობაში გამოხატავენ თავიანთ სურვილს, უფრო ახლო ურთიერთობა ჰქონდეთ დასავლეთთან. აშშ ამ სამივე სახელმწიფოსთან ერთად მუშაობდა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ევროპასა და დასავლეთთან ინტეგრირებული ეკონომიკის განვითარების კუთხით. მომავალშიც მათ გვერდით ვიქნებით", – განაცხადა პრაისმა.
ნედ პრაისმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები გაერთიანების წევრი სახელმწიფოების გადასაწყვეტია.