საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მხარდაჭერის თხოვნით ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს მიმართავს.
პრეზიდენტი ევროპელ ლიდერებს კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხში მხარდაჭერას სთხოვს.
სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის ქვეყნების პრეზიდენტებსა და პრემიერ-მინისტრებს როგორც წერილობით, ასევე ვიდეოგანცხადებებით მიმართა.
პრეზიდენტმა მიმართა პოლონეთის, ხორვატიის, გერმანიის, საფრანგეთის, ირლანდიის, იტალიის ბელგიის, დანიის, შვედეთის, ნიდერლანდების, ესტონეთის, საბერძნეთის, კვიპროსის, ავსტრიის და სხვა წევრი ქვეყნების ლიდერებს.
"ბატონო პრეზიდენტო, საქართველო და პოლონეთი იზიარებენ საერთო ტრაგიკულ წარსულს - ოკუპაციის, ევროპული ოჯახიდან მოწყვეტის წარსულს. მაშინ, როცა ევროპულმა საბჭომ ისტორიული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, საქართველოს, როგორც ყოველთვის, აქვს პოლონეთის სოლიდარობის, მეგობრობის და ძმობის იმედი, რომ მხარს დაუჭერს ჩვენს ევროპისკენ მიმავალ გზას", - ამბობს პრეზიდენტი ანდჟეი დუდასადმი მიმართვაში.
"ბატონო პრეზიდენტო, გერმანიამ თავისი ისტორიიდან იცის, რომ ევროპელებს ერთმანეთისგან კედლები არ უნდა ჰყოფდეთ. როგორც საქართველოს ერთ-ერთი უძველესი მეგობარი და პარტნიორი, გვაქვს იმედი, რომ საქართველოს დაეხმარებით თავის ევროპულ გზაზე ამ გადამწყვეტ მომენტში". - მიმართავს სალომე ზურაბიშვილი გერმანელ კოლეგას.
"საქართველო შვედეთის მიმართ უკვე მადლიერია აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით ევროპული პერსპექტივის გზის გახსნისთვის. ქართველ ხალხს სურს ეს ევროპული მომავალი. ამ ოჯახის რეინტეგრაციის დრო მოვიდა", – აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილის მიმართვაში შვედეთის პრემიერ-მინისტრის, მაგდალენა ანდერსონისადმი.
"საქართველომ იცის იმ მუდმივი მხარდაჭერის ფასი, რომელსაც ირლანდია უწევს საქართველოს თავისი ევროპული სწრაფვის გზაზე. დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ ვაფასებთ ევროპის მეორე ბოლოს ძლიერი ირლანდიელი ხალხის მხარდაჭერას. ჩვენ ვიცით, რომ თქვენ მხარს გვიჭერთ", – აცხადებს ზურაბიშვილი ირლანდიის პრეზიდენტ მაიკლ ჰიგინსისადმი მიმართვაში.
"დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის შემდეგ, საქართველო მიისწრაფის იმ რეფორმების შესრულებისკენ, რომლებიც ჭეშმარიტ ევროპულ ქვეყანას გვაქცევს. მისაღები გადაწყვეტილება იქნება ცენტრალური და ისტორიული ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის. მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის", – ამბობს საქართველოს პრეზიდენტი ვიდეოში, რომელშიც მიმართავს ნიდერლანდების პრემიერ მარკ რუტეს.
"საქართველო მოწყვეტილი იყო ევროპას საბჭოთა ოკუპაციის 70 ხანგრძლივი წლის განმავლობაში. ამის მიუხედავად, მას არასდროს შეუწყვეტია ამ გზის ძიება, დემოკრატიისა და ევროპის გზაზე წინსვლა", – მიმართა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს.
"ჩვენ ველით ისტორიულ გადაწყვეტილებას საქართველო ევროპულ მომავალთან დაკავშირებით. მინდა შეგახსენოთ, რომ ეს ჩვენი ხალხის ნებაა. მიუხედავად საბჭოთა ოკუპაციისა და ჩვენი დამოუკიდებლობიდან მოყოლებული“, – მიმართავს სალომე ზურაბიშვილი დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენს.
24 ივნისს ევროპული საბჭო განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.