"ბოლოს და ბოლოს, იქნებ ჩამოყალიბდეთ, გუშინ საქართველოს ათიათასობით მოქალაქემ რომ დაიკავა რუსთაველის გამზირი, თქვენი იყო ეს ხალხი თუ "ნაციონალური მოძრაობის"? ძალიან აჭრილი ხართ "მესიჯბოქსში". გუშინ ამბობდით, რომ "ნაცების" აქცია არისო, მერე ზოგმა ისიც თქვა, რუსების აქცია არისო. რომ დაინახეთ ათიათასობით ადამიანი გამოსული, ახლა აღარ იცით რა ქნათ და ჩვენია ეს ხალხი, ჩვენი მხარდამჭერებიც იქ იყვნენო", - ასე მიმართა პოლიტიკური ჯგუფის "ლელო" - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრებს.
მისი შეფასებით, გუშინ, აქციაში მონაწილე თითოეულმა მოქალაქემ განაცხადა, რომ ის იღებს პასუხისმგებლობას თავისი ქვეყნის ევროპულ მომავალზე.
"არც თქვენია ეს ხალხი და არც რომელიმე ერთი პარტიის. ეს ხალხი არის საქართველოს მოქალაქეები, ეს ხალხი არის საქართველოს ევროპელი მოქალაქეები, რომლებმაც გუშინ თქვეს, რომ სახელმწიფო ეს არის მოქალაქე. თითოეული მოქალაქე ხდება ამ ქვეყნის ლიდერი, იღებს პასუხისმგებლობას თავის ქვეყანაზე, რომ ის ივლის წინ და ვერავინ შეძლებს გადააგდოს ევროპული, მშვიდობიანი და დემოკრატიული გზიდან. აი, ეს გითხრეს გუშინ საქართველოს მოქალაქეებმა. ამ მოქალაქეებს უპირისპირდებით თქვენ თქვენი საცოდავი და უბადრუკი "მესიჯბოქსით" დღეს. პირველად ვხედავ ასე ცხადად, რას ნიშნავს ქართული გამოთქმა, "შიშს დიდი თვალები აქვსო" - დიდი თვალები აქვს და მტრედივით ჟღურტული სცოდნია შეშინებულ ადამიანებს: დავსხდეთ ერთად, ვიაროთ წინ, არ გვინდა პოლარიზება, ვწეროთ რეფორმები. რას აკეთებდით მთელი ერთი წელი, როდესაც ერთი წლის წინ საქართველოს მიეცა უნიკალური შესაძლებლობა - შარლ მიშელი თავის ფეხით ჩამოვიდა აქ რამდენჯერმე, რომ დასრულებულიყო პოლარიზაცია", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.