SpaceX საქართველოში STarlink-ის თანამგზავრული სისტემებით ინტერნეტის მიწოდებას გეგმავს.
SpaceX-ის Starlink-ის სატელიტური ინტერნეტ სერვისის საქართველოში გაშვების საკითხი საქართველოს კომუნიკაციების კომისიისა და Starlink-ის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე განიხილეს.
SpaceX-ის წარმომადგენელმა კომისიის თანამშრომლებს საქართველოში SpaceX-ის სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
Starlink უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი ძვირადღირებული, დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია. SpaceX-ს დღეისათვის 2700-ზე მეტი Starlink-ის დაბალ ორბიტალური (LEO) თანამგზავრი ჰყავს გაშვებული.
Starlink-ის დანერგვის შემდეგ მაღალმთიან რეგიონებში და ფართოზოლოვანი ინტერნეტ დაფარვის არმქონე დასახლებებში მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება.
"SpaceX ამ ეტაპზე მუშაობს საქართველოს ბაზარზე მისთვის საინტერესო ნიშების შესწავლაზე და ემზადება საქართველოში Starlink ის ოპერაციების კომერციული გაშვებისთვის. აღნიშნული ფაქტი ვფიქრობ, ქვეყნისთვის და ტელეკომ სფეროსთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, ვინაიდან Starlink-ის დანერგვის შემდეგ საქართველოშიც გახდება ხელმისაწვდომი თანამგზავრული ინტერნეტი და ეს ფანჯარას გაუხსნის მომავლის ინოვაციური ციფრული სერვისების ბაზარს განვითარებისთვის",- განაცხადა შეხვედრის შემდეგ კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ.
Starlink არის მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემა.