უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას არა მხოლოდ უკრაინისა და მოლდოვისათვის, როგორც ამას ევროკომისიის რეკომენდაცია ითვალისწინებს, არამედ საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინასაც.
აღნიშნული განცხადება ვიქტორ ორბანის სახელით, უნგრეთის მთავრობის სპიკერმა ბერტალან ჰავასიმ გააკეთა.
20 ივნისს, ორბანმა მონაწილეობა მიიღო ვიდეოკონფერენციაში, რომელსაც ბელგიის, ბულგარეთის, ესტონეთის, ლუქსემბურგის და მალტის ლიდერები, ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრი დაეთანხმა ევროკომისიის რეკომენდაციას უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე, თუმცა აღნიშნა, რომ ბუდაპეშტი "და ევროკავშირის რამდენიმე სხვა ქვეყანას" მიაჩნია, რომ სტატუსი საქართველომ და ბოსნია და ჰერცეგოვინამაც უნდა მიიღონ.
შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა თავისი მოსაზრებები ევროკავშირის გაწევრიანებაზე უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს განაცხადების თაობაზე. შედეგად, ევროკომისიამ რეკომენდაციით მიმართა ევროპულ საბჭოს, კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ უკრაინასა და მოლდოვას, ხოლო საქართველოს მხოლოდ პირობების დაკმაყოფილების შემდეგ.