თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანია სს „თელასი" ტრადიციული საქველმოქმედო აქციის ფარგლებში მოხუცთა თავშესაფარ „კათარზისს" ზამთრის პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს დაუფარავს.
შესაბამისი სერტიფიკატი სათნოების სახლს „თელასის" საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ვალერი ფანცულაიამ გადასცა. „თელასის" დახმარებით „კათარზისის" 100-ზე მეტ მოხუცებულს წლის ყველაზე ცივ თვეებში სინათლე და სითბო არ მოაკლდებათ. პროგრამა 2010 წლის 1 ნოემბრიდან 2011 წლის 1 აპრილამდე იმოქმედებს. აგრეთვე „თელასმა" მოხუცებულთა თავშესაფრისთვის 5 ათასი ლარის ღირებულების სურსათი შეიძინა.
კომპანია „თელასთან" ურთიერთობა ცალკე გვერდია „კათარზისის" ისტორიაში. თითზე ჩამოსათვლელია ის ორგანიზაციები, რომლებიც ისე აქტიურად გვეხმარება, როგორც „თელასი". კომპანია გამორჩეული თუნდაც იმით არის, რომ უკვე მეექვსე წელია, ჩვენი მოხუცები ყოველ ზამთარს სითბოში ატარებენ მათი დახმარებით. ზაფხულში იმდენი გადასახადი არ არის და მას ჩვენი ძალებითაც ვწვდებით. ზამთარია პრობლემური და სწორედ ამ დროს გვეხმარებიან ჩვენი მეგობრები. ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში არ მახსენდება რაიმე დღესასწაული, როცა „თელასი" ასეთი ხელდამშვენებული არ მობრძანებულიყო „კათარზისში". ჩვენ ამისთვის უზომოდ მადლიერნი ვართ" - განაცხადა „კათარზისის" პრეზიდენტმა ზაურ ალადაშვილმა.
სათნოების სახლ „კათარზისს" კომპანია „თელასი" 2005 წლიდან მფარველობს. ზამთრის სეზონის მანძილზე ელექტროენერგიით უზრუნველყოფის გარდა „თელასი" მოხუცთა სახლს პროდუქტებით სისტემატურად ეხმარება. გარდა ამისა პრაქტიკულად ყველა დღესასწაულს „თელასის" თანამშრომლები მოხუცებთან ერთად აღნიშნავენ და ცდილობენ ისინი სხვა სიურპრიზებით გაახარონ.