“ევროკომისიის შეფასება მნიშვნელოვანი და საყურადღებოა ორი მიმართულებით - მასში კარგად არის შეფასებული საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები და ნათქვამია, რომ საქართველო საუკეთესოდ ასრულებს ასოცირების შეთანხმებას, თუმცა, ამავდროულად, ჩამოთვლილია ის რეფორმები და გზამკვლევი, რაც საქართველომ უნდა გაატაროს და მეორე-ეს არის პირველი დოკუმენტი, სადაც აღიარებულია საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ნათქვამია, რომ საქართველოს აქვს ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა”,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციას.
მაკა ბოჭორიშვილის შეფასებით, კარგად უნდა იქნას გაცნობიერებული ის გეოპოლიტიკური რეალობა, რაშიც ევროკომისიას და ევროკავშირის საბჭოს უწევს გადაწყვეტილების მიღება.
„რაც შეეხება ეტაპებს და იმას, რომ, ვთქვათ, დღეს მოლდოვას და უკრაინას აყენებენ ნახევარი ნაბიჯით წინ საქართველოსთან მიმართებაში, ჩვენ კარგად უნდა გავაცნობიეროთ ის გეოპოლიტიკური რეალობა, რა რეალობაშიც უწევს ამ გადაწყვეტილებების მიღება ევროკომისიას და ევროკავშირის საბჭოს. სამწუხაროდ, გეოგრაფია კიდევ ერთხელ არის გარკვეულწილად, შემაფერხებელი ფაქტორი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ეს ჩვენი ინტეგრაციის ისტორიაში არაერთხელ ვიხილეთ, იყო ეს 2003, 2004, 2005 წლები, შემდგომ უკვე ვიზალიბერალიზაციის პროცესი, ასევე, ასოცირების შეთანხმების გახსნა, რეალურად, უკრაინისთვის, გადაწყვეტილება 2008 წელს იქნა მიღებული, თუმცა, ხელმოწერა მოხდა ერთდროულად. ასე რომ, ამ ისტორიას თუ გადავხედავთ, ამ ეტაპების ნახევარი ნაბიჯით წინ თუ უკან გადადგმას, გადამწყვეტი მნიშვნელობა საბოლოო შედეგისთვის არ აქვს. ევროინტეგრაციის პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რეფორმებს, რომელსაც ქვეყანა გაატარებს. საქართველომ არაერთხელ დაამტკიცა ის, რომ მას შეუძლია გზამკვლევების კარგად შესრულება და დარწმუნებული ვარ, რომ იმავე შედეგებით ჩვენ ძალიან მალე ვნახავთ ერთნაირ შედეგს სამივე ქვეყნისთვის, როდესაც ვისაუბრებთ უკვე ევროკავშირში რეალურად გაწევრიანებაზე“,- განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, საქართველო გეოგრაფიულ მდგომარეობას ვერ შეცვლის, თუმცა, ის მუდმივად ამტკიცებს, რომ საკუთარი ისტორიით, კულტურით და ფასეულობებით ევროპული სახელმწიფოა. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, დღეს ქვეყანამ სწორედ ამის აღიარება მიიღო ევროკავშირისგან.
„ჩვენ ვერ შევცვლით გეოგრაფიას. საქართველო მდებარეობს იქ, სადაც მდებარეობს. რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ ჩვენ მუდმივად ვამტკიცებთ, რომ საქართველო არის ევროპული სახელმწიფო თავისი ისტორიით, კულტურით და ფასეულობებით. ჩვენ ამის აღიარება დღეს, რეალურად, მივიღეთ ევროკავშირისგან. შემდგომი ეტაპები, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენთვის ბევრად უფრო რთული, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს არ აქვს საზღვარი ევროკავშირთან, გეოგრაფიულად, შეიძლება, უფრო მოწყვეტილია ევროკავშირს, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა, თუმცა, თუკი შევხედავთ იმ გზით და რეფორმებით, რასაც ქვეყანა ატარებს, ნამდვილად გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც დღეს უკვე ჩვენ გვაქვს აღიარება, რომ არსებობს ევროპული პერსპექტივა. ეს არის ის აღიარება, რომლისთვისაც წლებია, ქართული დიპლომატია, საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლები იბრძოდნენ, რომ ევროპის მხრიდან ჩვენ მიგვეღო ეს აღიარება და ეს აღიარება, რეალურად, ევროკომისიის დონეზე მიღებულია“,- განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, საქართველო ინტენსიურად მუშაობს და ყოველდღიურ კონსულტაციებს აწარმოებს პარტნიორებთან.
„ დაველოდოთ იმ განხილვებს, რომელიც უნდა შედგეს მომავალ კვირას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა განიხილონ უკვე ევროკომისიის მიერ მომზადებული შეფასებები და მნიშვნელოვანი იქნება, რა თქმა უნდა, თუ როგორ ხედავს თითოეული წევრი ქვეყანა საქართველოს ადგილს და რა პოზიციებს დააფიქსირებენ ისინი ამ განხილვებში. სწორედ იმისთვის, რომ ეს პოზიციები იყოს საჩვენო და საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ასევე, აღიარებული იყოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან, ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, კონსულტაციები გვაქვს ყოველდღიურ რეჟიმში დედაქალაქებთან და არაერთხელ მოვისმინეთ დედაქალაქების პოზიცია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერასთან დაკავშირებით“,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.