საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, კანდიდატის სტატუსის თაობაზე ევროკომისიის რეკომენდაციაზე საუბრისას, ისაუბრა სამომავლო ნაბიჯებზე, რაც უპირველესად მთავრობამ და ასევე ოპოზიციამ, საზოგადოებამ უნდა გადადგას.
პრეზიდენტის განცხადებით, მთავრობას 6 თვე აქვს ვითარების გამოსასწოროებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას საზოგადოება გასცემს პასუხს.
"პასუხისმგებლობა დღეს არის ათმაგად, თუ არა ასმაგად ხელისუფლებაზე, ექვსი თვე აქვს. და ექვსი თვის ბოლოს თუ კიდევ ისე გაგრძელდა როგორც ბოლო წელი, პასუხს მიიღებს საზოგადოებისაგან. არც ჩემგან, არც თქვენგან, არამედ საზოგადოებისგან.
ამის გარდა, საზოგადოების პასუხისმგებლობაა, შევინარჩუნოთ სტაბილურობა. საქმეა გასაკეთებლი, ყველა უნდა ჩავერთოთ ამ საქმეში. დღეს არანაირი დესტაბილიზაციის დრო არ არის, როცა მიმდინარეობს ომი უკრაინაში, როცა რუსეთის ნებისმიერი რეაქცია მოულოდნელია. ეს არის ის, რაც უნდა გაითვალისწინონ ასევე ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელებმა, როდესაც კიდევ ერთხელ დაუბრუნდებიან ამ საკითხებს, რომ რაღაცნაირად ყურადღება მიაქციონ ჩვენი ქვეყნის დღევანდელ გეოპიოლიტიკურ ვითარებას. გავიგეთ მათი გზავნილი, გაფრთხილება, რომ ჩვენ თუ არ გავაკეთებთ იმას, რაც არის გასაკეთებელი, ვერ ვიქნებით წინსვლის გზაზე. ამავე დროს, მათაც უნდა გაიგონ, რა არის დღევანდელი არსებული საფრთხეები და საფრთხე იმისა, რომ ჩვენმა მეზობელმა ეს სხვანაირად არ გაიგოს. რა არის გასაკეთებელი, სია მოცემულია. ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა. ოპოზიციის ნაწილის პასუხისმგებლობააცა, იმის, ვინც ასე იქცეოდა, დაანებოს თავი სირბილს სხვადასხვა დედაქალაქში, რაც დიდად არ წაადგება ამ ქვეყანას. შეუდგეს აქ მუშაობას, რათა ყველამ ერთად ვაიძულოთ ხელისუფლება, გააკეთოს ის, რაც არის გასაკეთებელი. მაგალითად, დავუბრუნდები იმ არაჩვეულებრივ იდეას, რაც მქონდა და წინადადება, რაც შეეხება ამ სტატუსის მიღწევას. შეიქმნას სპეციალური ინსტიტუტი დამოუკიდებელი, რომელიც იქნება მიძღვნილი, რა უნდა გავაკეთოთ, რათა ეს ქვეყანა მივიყვანოთ წარმატებამდე 2022 წლის ბოლომდე. მგონია, კონსტრუქციული ოპოზიცია რომ იყოს კომისიის თუ სამუშაო ჯგუფის სათავეში, იქნება ძალიან მაგარი გზავნილი სწორედ ჩვენი პარტნიორებისთვის. თუ ასეთი რამ შეიქმნება, ეს იქნება პოლიტიკურად სწორი სვლა, რადგან გადანაწილებული იქნება პასუხისმგებლობა ორივე მხარეზე, რათა მივიდეთ იმ შედეგამდე, რაც უნდა იყოს ჩვენი პოზიტიური შედეგი, წარმატება 2022 წლის ბოლოს.
ასე რომ, არც იმედგაცრუება, ცოტა გაბრაზება კი, მაგრამ საქმე ერთად რაც შეიძლება მაქსიმალურად უნდა დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით, რომ მივაღწიოთ მიზანს, შედეგს. დრო აღარ არის არც ვიღაცის ლანძღვის, არც სხვადასხვა ბრალდების და გადმობრალების. საქმის დროა და საქმე აღარ ითმენს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.