მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, გაწევრიანების პერსპექტივა. ეს არის ის, რაც არავის უთქვამს ჩვენთვის აქამდე, არავის მოუცია პირობა პერსპექტივაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე „ლიდერები კონფლიქტების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“ჩვენი ბრალია. ჩვენ ვამბობთ, რომ არ დავიმსახურეთ. დავიმსახურეთ. იმის შემდეგ, რაც გააკეთა ამ ქვეყანამ 30 წლის მანძილზე, ისე ჩამოვრჩით ჩვენს ორ მეგობარს და პარტნიორს, ჩვენი ბრალია, აბა, ვისი. არავინ არ გაგვიკეთა არაფერი. რაც მთავარია, რაც მინდა, კარგად გაიგოთ, ევროპამ არ გადაგვაგდო, არ გვითხრა უარი, პირიქით, როგორც ჩანს, ჯერ მხოლოდ ურსულა ფონ დერ ლაიენის ბრიფინგიდან არის ცნობილი ის პირველი ინფორმაციები, რაც ვრცელდება. პირველ რიგში, უნდა წავიკითხოთ ევროკომისიის რეკომენდაცია. სხვათა შორის, ურსულა ფონ დერ ლაიენის „ტვიტერშიც“ იგივე წერია და კარგად უნდა ვიცოდეთ, როგორ წავიკითხოთ. იქ წერია, რომ ჩვენ ცხადია, კანდიდატის სტატუსი დღეს არ მიგვიღია, მაგრამ მივიღეთ ისეთი რამ, რაზეც არც ვიოცნებებდით, ეს ყველაფერი რომ არ ყოფილიყო ბოლო თვეებში. მივიღეთ ის აღიარება და იმედი მაქვს, ამას დაადასტურებს ევროპული საბჭო ერთ კვირაში, მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, გაწევრიანების პერსპექტივა. ეს არის ის, რაც არავის უთქვამს ჩვენთვის აქამდე, არავის მოუცია პირობა პერსპექტივაზე. იყო ამის მიმართ ხან გეოგრაფიული მიზეზები, რატომ არა, მაგრამ დღეს რომ არა უკრაინა, რომ არა ეს ახალი გარემოებები, ამას დღეს ნამდვილად არ მივიღებდით და შეიძლება, ჯერ არც ვიმსახურებდით, მაგრამ მივიღეთ ეს დაპირება. იმედი მაქვს, ამ ტექსტს გაიმეორებენ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაში. უნდა ვიმუშაოთ ამ ერთ კვირაში და ფარხმალი არ უნდა დავყაროთ წინასწარ.
ეს არის მხოლოდ კანდიდატის სტატუსის საკითხი, მხოლოდ გაფრთხილებაა და ძალიან მკაფიოდ ჩამოწერილი, რა უნდა გავაკეთოთ. როცა გინდა ადამიანის გადაგდება, ან ქვეყნის, კი არ ეუბნები, რა უნდა გააკეთო 2022 წლის ბოლომდე, გადააგდებთ და ეს არის და ეს. მარტივიც არის. ამიტომ, მივიღოთ ის, რასაც გვეუბნებიან, გავიგოთ და არა ისე, როგორც გვაწყობს სხვადასხვა პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე. დავუსვათ ჩვენს თავს კითხვა, რა უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილი.