კანდიდატის სტატუსი არ მიგვიღია, მაგრამ მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, რაზეც არც ვიოცნებებდით, უკრაინა და ახალი გარემოებები რომ არ ყოფილიყო ბოლო თვეებში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე „ლიდერები კონფლიქტების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, საჭიროა, გავიგოთ ის, რასაც გვეუბნებიან და არა ისე, როგორც გვაწყობს სხვადასხვა პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე.
„მინდა, მოგმართოთ თქვენ, ვინც დღეს სახლიდან გაიგეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც ჯერ არ არის გადაწყვეტილება და არის მხოლოდ რეკომენდაცია, მაგრამ გაიგეთ ის, რომ ერთგვარად, საქართველო არ დგას იმ სამეულის ჯგუფში, რომელიც ჩვენ შევქმენით და რაღაცნაირად ამ ჯგუფს ჩამოვრჩით. შეიძლება, იყოთ იმედგაცრუებული, მე უფრო იმ კატეგორიას ვეკუთვნი, რომელიც გაბრაზებულია. მე პირადად ბევრი რამ ვთქვი, რადგან ვხედავდი, რაც შეიძლება, მზადდებოდა. ამან გამოიწვია ზოგის წყენა, გაბრაზება, მაგრამ ფაქტი ფაქტია, რომელსაც ვერ გავექცევით. ფაქტები იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ფარხმალი უნდა დავყაროთ. ეს არ არის არც ქართული ხასიათი, არც ქალების ხასიათი. მე თქვენი იმედი მაქვს, მოსახლეობის იმედი, ყველასი, ვინც გუშინ იყო გამოსული, სახლიდან გვიყურებდა, დღეს გვიყურებს და ვიცი, რომ თქვენც გრძნობთ, არც იმედგაცრუების, არც წუწუნის დრო არ არის, რადგან რაც დღეს მოგვივიდა, არის გაფრთხილება, „რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო“.