ჩვენ ვირჩევთ, ან ოლიგარქს ან დასავლეთს, ჩვენ ვირჩევთ, ან რუსეთს ან ევროპას და ამერიკას - 20 ივნისს უნდა ვიყოთ ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრი", ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, საქართველო დიდი არჩევანის წინაშეა - ან გეოპოლიტიკური კატასტროფა, რომლისკენაც „ქართულ ოცნებას“ მივყავართ, ან ევროკავშირი და დასავლეთი.
"დღევანდელი გადაწყვეტილება არის ბოლო შანსი ჩვენი ქვეყნისთვის და ამაზე ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ, მათ შორის, ოპოზიციამ, სამოქალაქო სექტორმა, რომ საბოლოო კარები არ დახურულიყო საქართველოსთვის. ჩვენ ვირჩევთ ან ოლიგარქს, ან დასავლეთს, ჩვენ ვირჩევთ ან რუსეთს, ან ევროპას და ამერიკას. ძალიან მარტივია და ცხადზე ცხადია ეს ყველაფერი, დღეს ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ პირდაპირ თქვა, სრული მხარდაჭერა აქვს საქართველოს მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ამისთვის საქართველომ, ქართველმა ხალხმა უნდა გადადგას ნაბიჯი. როგორ? 20 ივნისს უნდა ვიყოთ ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრი. ამის შემდგომ, ყოველთვის უნდა ვიყოთ ბევრი, იმისთვის, რომ ჩვენ და ჩვენ შვილებს არ წაგვართვან ევროპული პერსპექტივა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩამოწერილია ყველა საკითხი, 19 აპრილი, სასამართლო, დეოლიგარქიზაცია და ა.შ. რამე ახალი გაიგეთ? ეს რეკომენდაციები კი არ არის, ამიტომ ჯერი ქართველ ხალხზეა. ამერიკა, ევროპა, დასავლეთი გვეუბნება - ა, ბატონო, შენ ბოლო შანსი, კიაფობს კიდევ ეს შესაძლებლობა, ახლა ჯერი ჩვენზეა! 19 აპრილის შეთანხმება ჩვენ არ დაგვიტოვებია, თუ ვინმე უნდა დაბრუნდეს, „ქართული ოცნება“ უნდა დაბრუნდეს და მთავარი, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ შეთქმულება ჯერ არ დასრულებულა, პირიქით, მოქმედებაშია. დამერწმუნეთ, რომ დღეს ყველაზე უკმაყოფილო ამ გადაწყვეტილებით არის „ქართული ოცნება“. ისინი ლამობდნენ, რომ ჩვენ ბოლომდე უარი მიგვეღო, ამას ვერ მიაღწიეს, ეს გზავნილი ევროპის მხრიდან ქართველი ხალხისთვის არის, გამოვფხიზლდეთ მეგობრებო, რა გვინდა ჩვენ - პუტინი გვინდა, თუ დასავლეთი“, - განაცხადა ვაშაძემ.