ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდი თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.
კარენ დონფრიდმა სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო რუსეთის აგრესიას.
"აშშ-ს სურს დემოკრატიული, დამოუკიდებელი და ძლიერი უკრაინა, რომელსაც შესაძლებლობა ექნება, საკუთარი თავი დაიცვას აგრესიის წინაშე. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამასთან, ჩვენ გავაგრძელებთ ქართველ პარტნიორებთან ერთად მუშაობას, რათა გავაძლიეროთ საქართველოს თავდაცვის უნარი ისევე, როგორც მედეგობა რუსული ზეგავლენის წინაშე, მათ შორის ეკონომიკის თუ კიბერუსაფრთხოების წინაშე.
ჩვენ მოვუწოდებთ პრეზიდენტ პუტინს, შეწყვიტოს ომი უკრაინაში, ისევე, როგორც შეწყვიტოს საქართველოს ნაწილების ოკუპაცია, რაც იწვევს უდანაშაულო ხალხის ტკივილს. მაგრამ ჩვენ მხოლოდ არ ვითხოვთ კრემლის აგრესიის დასრულებას. მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს, რომ მათაც ჰქონდეთ იგივე ინსტრუმენტები, რომ დაიცვან თავი ამ მტრული ზრახვებისგან. ახლა გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან, ალიანსის წევრებთან, რომ მხარი დავუჭიროთ ევროპის უსაფრთხოებას. აქვე მინდა, გამოვიყენო შესაძლებლობა და დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას და ხალხს უკრაინელი ლტოლვილების მიღებისთვის, ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფისა და საერთაშორისო დონეზე მხარდაჭერის ჩვენებისთვის", - თქვა დონფრიდმა.
ამავდროულად, კარენ დონფრიდმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს პრეზიდენტის მიერ უკრაინელების მხარდაჭერას გაუსვა ხაზი და მის სიმამაცეზე ისაუბრა.
"ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენ გვაჩვენეთ შეუვალი მხარდაჭერა უკრაინელების მიმართ, რომელთა წინაშეც ყოველგვარი მიზეზთა გარეშე გამოუწვეველი ომი წამოიწყო მტერმა. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა თქვენს ლიდერობასა და სიმამაცეს", - მიმართა დონფრიდმა სალომე ზურაბიშვილს.