დღეს, 30 ნოემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ასტანაში გაემგზავრება.
ქართული დელეგაცია ეუთოს სამიტს დაესწრება. წინასწარი ინფორმაციით, ასტანაში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ჩავა.
როგორც მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ აღნიშნა, ქართული დელეგაციის ნაწილი ასტანაში უკვე იმყოფება და იქ სამუშაო შეხვედრებს მართავს.
"ასტანაში 1-2 დეკემბერს ეუთოს სამიტია დაგეგმილი. მასზე უნდა მიიღონ ერთობლივი დოკუმენტი, რომელშიც ასახული იქნება ეუთოს ქვეყნების იმერ ახალი უსაფრთხოების ნორმები. საქართველოს დელეგაცია ყველაფერს აკეთებს, რომ ეუთოს წევრმა ქვეყნებმა საქართველოს საკითხი აღნიშნულ დოკუმენტში ადექვატურად ასახონ," - აღნიშნა კალანდაძემ.
მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ეუთოს წევრია, საქართველოს ინტერესების გატარება საკმაოდ ძნელი იქნება, თუმცა ქართული მხარე ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.
კალანდაძის ინფორმაციით, ასტანაში ეუთოს სამიტის ფარგლებში სუამის სხდომაც გაიმართება, რომელსაც ორგანიზაციის ოთხივე წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრებიან. სხდომაზე საქართველოსთვის აქტუალური საკითხების განხილვა მოხდება.