საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპის მოედანზე, სადაც მის მიერ ინიცირებული ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია იმართება, მედიასთან კომენტარი გააკეთა.
პრეზიდენტის განცხადებით, დღევანდელ აქციაზე იმყოფება, როგორც რიგითი მოქალაქე, რომელსაც ქვეყანაზე გული შესტკივა და მტკიცედ სწამს, რომ საქართველოს ევროპული მომავლის გარდა, სხვა მომავალი არ აქვს.
"აქ არიან მოქალაქეები, რომლებსაც სურვილი ჰქონდათ, დღეს გამოხატონ, რომ ჩვენ გვჯერა, საქართველოს ბედი, საქართველოს ერთადერთი პერსპექტივა არის ევროპაში. ამის ჩვენება გვინდოდა ჩვენ ერთმანეთისთვის წყნარად. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა არის მოსული თავისუფლად, არავის არ აქვს სხვაზე მეტი უფლება. სხვათაშორის, თქვენთვის შეიძლება, უფრო მნიშვნელოვანიც იყოს, რომ ჩვეულებრივ, რიგით მოქალაქეებს ჰკითხოთ, რატომ არიან მოსული და რომ ეს არის მათი გამოხატულება და არა ჩემი. მე ვარ ერთი რიგითი, არ ვარ აქ პრეზიდენტი. ძალიან ხშირად, ხან ერთ, ხან მეორე მხარეს ავიწყდება, რომ პრეზიდენტი ვარ ან არ უნდა, აღიაროს, რომ პრეზიდენტი ვარ და დღეს აქ არ ვარ პრეზიდენტი – მე ვარ ერთი მოქალაქე, რომელსაც გული შესტკივა ქვეყანაზე და რომელსაც სჯერა, სწამს, რომ ამ ქვეყანას სხვა მომავალი არ აქვს. მე, ვიდრე შევძლებ, სადაც ვარ იმ ადგილიდან და შემდგომ თუ საჭირო გახდა, სხვა ადგილიდანაც, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს პერსპექტივა განხორციელდეს თქვენი შვილებისთვის", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა 14 ივნისს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს მოქალაქეებს, პარტიებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს ევროპის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა. მმართველმა პარტიამ უარი თქვა აქციაზე დასწრებაზე.