გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინაში გაჩაღებული ომის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი პაკეტი გამოაცხადა.
სანქცირებულთა ნუსხაში შედის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, პატრიარქი კირილი.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივნის, ლიზ ტრასის განცხადებით, პატრიარქ კირილს სანქციები დაუწესდა "უკრაინაში გაჩაღებული ომის აშკარა მხარდაჭერის გამო".
სანქციები მოიცავს ბრიტანეთის იურისდიქციაში არსებული აქტივების გაყინვას, ასევე დიდ ბრიტანეთში შესვლის აკრძალვას.
სანქციები ასევე დაუწესდა რუსეთის ფედერაციის ბავშვთა უფლებების კომისარს მარია ლვოვა-ბელოვას "დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებიდან 2000 მოწყვლადი ბავშვის იძულებით გაყვანისა და ახალი პოლიტიკის ფორმირებისთვის, რომლის მიზანია ამ ბავშვების იძულებით გაშვილება რუსეთში".
სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ მოსკოვის საქალაქო სათათბიროს დეპუტატი სერგეი სავოსტიანოვი და ავიაკომპანია "ვოლგა-დნეპრის" ხელმძღვანელი ალქსეი ისაიკინი.
სანქციები ასევე დაწესებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების ოთხი პოლკოვნიკის წინააღმდეგ "ბუჩაში დატრიალებულ ხოცვა-ჟლეტაში მონაწილეობის მიღებისთვის".