"ქართული პარტია" დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის საფასურისა და წყლის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"თბილისის ხელმძღვანელობის მიერ გადადგმული ნაბიჯები კიდევ უფრო დაამძიმებს ჩვენი მოქალაქეების ისედაც გაუსაძლის სოციალურ მდგომარეობას", _აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მმართველი რეჟიმი გეგმავს კიდევ ერთი უსამართლობის დაკანონებას - ელექტროენერგის, წყლის და დასუფთავების გადასახადის ერთი "ქოლგის" ქვეშ მოქცევას და ამით მოქალაქეებისთვის იმ სერვისზე უარის თქმას, რომლის საფასურიც მათ გადახდილი ექნებათ.
"ქართული პარტია" გმობს თბილისის მოსახლეობისთვის წინააღმდეგ მიმართულ სოციალურ რეპრესიებს და მოითხოვს, რომ დედაქალაქის ხელმძღვანელობამ ხელი აიღოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის საფასურისა და წყლის ტარიფის გაზრდაზე. გარდა ამისა, უნდა გაუქმდეს გადაწყვეტილება, რომელიც კომუნალური გადასახადების ერთად სავალდებულო გადახდას ითვალისწინებს", _ აღნიშნულია განცხადებაში.
"ქართული პარტია" მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს თბილისის მოსახლეობის ძარცვა და ამის ნაცვლად, თანამოქალაქეების სოციალურ კეთილდღეობაზე იზრუნოს.
"ზემოთ ჩამოთვლილი ნაბიჯები ნამდვილად არ შედიოდა ხელისუფლების წინასაარჩევნო დაპირებებში, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინათ უხვად გასცემდა მმართველი პარტია. მეტიც, 31 მაისის არჩევნების წინ თბილისის მერი გიგი უგულავა დედაქალაქის მოსახლეობას ლამის ოქროს მთებს ჰპირდებოდა. ამის ნაცვლად, თბილისელები კიდევ ერთხელ გაწბილდნენ და ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ვინაიდან მმართველმა გუნდმა მათ წინააღმდეგ სოციალური ტერორი გააჩაღა", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
"ქართული პარტია" ყველა ზომას მიიღებს იმისთვის, რომ თბილისის მოსახლეობის სოციალური დისკრიმინაციის შეწყვეტას სამართლებრივი გზით მიაღწიოს.