საქართველოს პარლამენტი ახალი ელჩების კანდიდატურებს 7 დეკემბრის სხდომაზე დაამტკიცებს. ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა. აღსანიშნავია, რომ ელჩების კანდიდატურების ინიცირება სწორედ დღევანდელ ბიუროს სხდომაზე მოხდა. საკითხზე საკომიტეტო მოსმენები მიმდინარე კვირას გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს წლის ბოლოსთვის 11 ქვეყანაში ახალი ელჩი ეყოლება. საზღვარგარეთის ქვეყნებში ელჩების როტაცია გეგმიურად ხორციელდება.
ბრაზილიაში საქართველოს ელჩის კანდიდატურაზე ოთარ ბერძენიშვილია წარდგენილი, რომელიც ამჟამად სს სამინისტროს აშშ-ის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. მექსიკაში მალხაზ მიქელაძე დაინიშნება, შვედეთში - პოლონეთში საქართველოს ყოფილი ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე, ხოლო პოლონეთში სლოვაკეთის ყოფილი ელჩი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, სლოვაკეთში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვი, აზერბაიჯანში - თეიმურაზ შარაშენიძე, რომელიც სტამბულში გენერალური კონსულის თანამდებობაზე მუშაობდა. ევროსაბჭოში ზურაბ ჭიაბერაშვილს თავისივე მოადგილე მამუკა ჟღენტი ჩაანაცვლებს, ხოლო ზურაბ ჭიაბერაშვილი ქვეყნის ინტერესებს უკვე შვეიცარიაში დაიცავს. გარდა ამისა, საქართველოს ახალი ელჩი ეყოლება პორტუგალიასა და ეგვიპტეშიც, სადაც, შესაბამისად, გოგა გორგილაძის და არჩილ ძულაშვილის კანდიდატურებია წარდგენილი. როტაცია შეეხება სომხეთის ელჩსაც. ამ თანამდებობაზე ედპ-ის წევრი თენგიზ შარმანაშვილი სახელდება, რომელიც ამ პოსტზე, ნინო კალანდაძის განმარტებით, თავად საქართველოს პრეზიდენტის მიერ შერჩეული კადრია.
რაც შეეხება აზერბაიჯანში ქვეყნის ელჩის ირაკლი ქავთარაძის უკან გამოწვევას, აღნიშნულს "საკანონმდებლო ორგანოში მისი საჭიროებით" ხსნიან.