ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი პარტიის ოფისთან მომხდარ აფეთქებაში მიხეილ სააკაშვილსა და ვანო მერაბიშვილს ადანაშაულებს.
"გუშინ მომხდარი აფეთქება არის პოლიტიკური ტერაქტი, რომელიც სააკაშვილმა და მერაბიშვილმა განახორციელეს პოლიტიკური ოპონენტის დასაშინებლად", - განაცხადა ნათელაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი განმარტებით, "ლეიბორისტებს" არაფერი დარჩენიათ, გარდა იმისა, რომ საქართველოში ამერიკის კონგრესისა და ევროპარლამენტის დეპუტატთა ჯგუფების სასწრაფოდ ჩამოსვლა მოითხოვონ, იმის გასარკვევად, თუ ვინ არიან რეალურად დამნაშავეები და ვინ მალავს დანაშაულს".
"დამნაშავეები მალავენ თავიანთ დანაშაულს. ის, რომ აქ მომხდარი აფეთქებიდან ერთი საათის შემდეგ ანალოგიური აფეთქება მოხდა მუხიანში, განხორციელდა მხოლოდ ყურადღების გადასატანად. იმ შემთხვევაში, თუ ევროპარლამენტისა და ამერიკის კონგრესის დეპუტატები საქართველოში ჩამოვლენ, დავუმტკიცებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი და შინაგან საქმეთა მინისტრი არიან ტერორისტები", - განმარტა ნათელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აფეთქება ჯავახიშვილის ქუჩაზე 28 ნოემბერს მოხდა. შემთხვევას ნინო გორდეზიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 4 ადამიანი კი მსუბუქად დაშავდა.