ავსტრიის კანცლერის კარლ ნეჰამერის განცხადებით, ვენა იმ შემთხვევაში დათანხმდება უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თუ იგივე სტატუსი მიენიჭება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსა და მოლდოვას.
ნეჰამერმა ამის შესახებ ტალინში, ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კაია კალასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა.
"ავსტრიის პირობაა, რომ უკრაინას წევრობის კანდიდატის სტატუსი თუ მიენიჭება, იგივე უნდა ეხებოდეს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსა და მოლდოვის რესპუბლიკას", – აღნიშნა ნეჰამერმა.
ნეჰამერმა განმარტა, რომ ეს წინადადება საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისგან წამოვიდა. მისი თქმით, კანდიდატის სტატუსზე დისკუსიები ფრთხილად და სამართლიანად უნდა წარიმართოს. მან მაგალითად დაასახელა თურქეთის კანდიდატის სტატუსი, რომელიც 59 წელი გაგრძელდა.
ამ დროისთვის, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მინიჭებული აქვს ბალკანეთის ოთხ ქვეყანას - სერბეთს, ალბანეთს, მონტენეგროსა და ჩრდილოეთ მაკედონიას. სტატუსის გარეშე არიან ბალკანეთის კიდევ ორი ქვეყანა - ბოსნია და ჰერცეგოვინა და კოსოვო.