ევროპული საქართველოს თავმდჯომარე, გიგა ბოკერია კოპენჰაგენში დემოკრატიის რიგით მე-5 სამიტს ესწრება.
წლევანდელი სამიტი ავტორიტარული ძალების შეკავებას, მძლავრი დემოკრატიული ალიანსების შენებასა და პუტინის აგრესიის პირისპირ უკრაინის დახმარებას დაეთმო.
სხვადასხვა პანელს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ლიეტუვის პრემიერმინისტრი ინგრიდა შიმონიტე, ევროპის პარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა, დანიის ყოფილი პრემიერმინისტრი და ნატოს მე-12 გენერალური მდივანი ანდერს ფონ რასმუსენი გაუძღვნენ.
სხვადასხვა პანელზე მონაწილეებმა იმსჯელეს დემოკრატიულ აქტივიზმზე, ავტორიტარიზმის შეკავებაზე, დემოკრატიულ ღირებულებებსა და სოციალური მედიის მნიშვნელობაზე, თავისუფლებისა და კეთილდღეობის ურთიერთმიმართებაზე, უკრაინის თავგანწირვაზე და ციფრულ სამყაროში არსებულ გამოწვევებზე.
"მთავარი ფოკუსი, რა თქმა უნდა, არის პუტინის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, უკრაინის მხარდაჭერა, მაგრამ უფრო ფართო კონტექსტში არის მსჯელობა იმაზე როგორ უნდა დაიცვას თავისუფალმა სამყარომ თავი ამ ყველაფრის შემდეგ, პუტინის დამარცხებასთან ერთად როგორი უნდა იყოს უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა. აქ ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების მთავარი გამოწვევასა და პრობლემაზე კიდევ უარესი არის ის, რომ მიუხედავად იმისა რომ საქართველოდან წარმომადგენლები არიან, აქ არა თუ არ არის საქართველოს მთავრობა, ჩვენი მთავრობა არ არსებობს დღის წესრიგში როგორც აქტიური მოთამაშე, რომელიც ცდილობს რომ საქართველო ამ ახალი არქიტექტურის პირობებში იყოს დაცული, თავისუფალი ქვეყანა. იმიტომ რომ ჩვენს დღევანდელ რეჟიმს აქვს ამოცანა მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ჩვენი ქვეყნის ინტერების საწინააღმდეგოდ პუტინიზმის გაძლიერების ხარჯზე. ასე რომ ჩვენი ეროვნული ამოცანა, საქართველოს ყველა მოქალაქის, განურჩევლად მათი პოლიტიკური სიმპათიებისა, ჩვენი მომავლის, თავისუფლების და უსაფრთხოების დასაცავად, არის რომ წავიდეთ წინ თავისუფალი სამყაროსკენ, ოღონდ ეს შესაძლებელია მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმის გარეშე. ამიტომ ყველას ვისაც უნდა, რომ ამაში წვლილი შეიტანოს საკუთარი და საკუთარი შვილების მომავალში უნდა გადადგას ნაბიჯი ამ რეჟიმის შესაცვლელად", - თქვა გიგა ბოკერიამ.