საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ქართველ პოლიტიკოსებს მოუწოდებს, სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებს მეტი სერიოზულობითა და პასუხისმგებლობით მიუდგნენ. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს ბიუროს სხდომაზე გუშინ თბილისში მომხდარი ორი აფეთქების კომენტირებისას განაცხადა.
"არიან ძალები, პირველ რიგში ქვეყნის გარეთ, რომლებიც დაინტერესებულები არიან, რომ საქართველო მუდმივად გამოჩნდეს არასტაბილურ სახელმწიფოდ. ამ ძალების იმედის გასაცრუელბლად მინდა ვთქვა, რომ მათ ამის სულ უფრო ნაკლები შანსი აქვთ. იმედი მაქვს, შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ ფაქტებს ახლო მომავალში გამოიძიებს და ყველა დამნაშავე იქნება დასჯილი", - აღნიშნა ბაქრაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აუცილებელია ყველამ გაცნობიეროს, რაც ხდება, რადგან ისეთ სერიოზულ ფაქტებს, როგორც არის ჯაშუშური ქსელის გამოაშკარავება, დივერსიული ქსელის გამოვლენა და სხვა, ხანდახან ძალიან მარტივად და გაუმართლებელი იუმორითაც უყურებენ.
"სწორედ ასეთი ქსელების მიერ ხდება ტერორისტული აქტების დაგეგმვა, ამიტომ ყველა ჩვენი კოლეგა პოლიტიკოსი უნდა დაფიქრდეს, როდესაც საქმე ეხება სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებს და მეტი პასუხისმგებლობით მიუდგეს ასეთ თემებს. როცა საქმე ეხება ეროვნულ უსაფრთხოებას, უნდა ვიყოთ უფრო მეტად კონცენტრირებული", - აღნიშნა ბაქრაძემ.