ENG / RUS       12+

კოტე მარჯანიშვილი - 150

ქართული თანამედროვე თეატრის ფუძემდებელი, რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი 150 წლის წინათ, 1872 წელს, ყვარელში დაიბადა.

"იგი მოვიდა ამქვეყნად იმისთვის, რომ მშობლიური თეატრი გარდაიქმნა და აეყვანა ისეთ სიმაღლეზე, სადაც ქართული თეატრი, როგორც ერთი მთლიანი ჰარმონიული ორგანიზმი, არასოდეს ასულა. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა ახალი თეატრი. მარჯანიშვილის ირგვლივ იკრიბებოდა ყველა ის ადამიანი, ვინც თავისი შემოქმედებითი აზროვნებითა და ნიჭით უნდა ჩამდგარიყო ხალხის ხელოვნებისათვის თავდავიწყებულ სამსახურში. აზრების, გრძნობების ასეთი შერწყმა, სხვადასხვა თაობის მსახიობთა ასეთი ერთიანობა ქართული თეატრისათვის აქამდე უცნობი იყო...

ჩვენი სცენა სადღესასწაულოდ მოირთო, აივსო მუსიკის ხმებით, ათამაშდა ათასგვარი ფერებით, ყველა წვრილმანზე შეიძინა დიდი მნიშვნელობა, ცხოველმყოფელობა, სიცოცხლის დამკვიდრება შეიტანა მარჯანიშვილმა ქართულ თეატრში", - წერდა მსახიობი ვერიკო ანჯაფარიძე 1972 წელს რეჟისორის 100 წლის საიუბილეოდ გამოცემულ ალბომში "კოტე მარჯანიშვილი".

კოტე მარჯანიშვილის დაბადებიდან 150 წლის იუბილეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი ონლაინგამოფენას უძღვნის.

კოტე მარჯანიშვილი თეატრით ჯერ კიდევ თბილისის პირველი გიმნაზიის მოწაფეობისას დაინტერესდა. მისი სამსახიობო დებიუტი ქუთაისში, კოტე მესხის თეატრის 1893-94 წლების სეზონზე, ა. დიუმას "ცოდვის შვილში" შედგა, თუმცა სამოყვარულო თეატრი მას გაცილებით ადრე მშობლიურ ყვარელში ჰქონდა ჩამოყალიბებული.

კოტე მარჯანიშვილი იხსენებს: "ჯერ კიდევ გიმნაზიელი არდადეგების დროს ჩავდიოდი სოფელში და ვდგამდი წარმოდგენებს... ჩემს თეატრში ვიყავი მთავარი მსახიობი და რეჟისორი, დეკორატორი და სუფლიორი, ბუტაფორი....

მაყურებლები იყვნენ დარბაისელი კახელი გლეხები. როგორ მოსწონდათ ჩემი წარმოდგენები არ ვიცი... ერთი კი მახსოვს, რომ მადიანად შეექცეოდნენ გომიჯებს, ვაშლს და ჩურჩხელებს - ჩემ მიერ უხვად გაშლილ ხორაგს..."

"ივერია", 1894 წლის 26 ნოემბერი

საგაზეთო აფიშა გვატყობინებს, რომ ქართულ თეატრში 1894 წლის 27 ნოემბერს დაგეგმილი იყო წარმოდგენები "პატარა კახი" და "ჩათრევას ჩაყოლა სჯობიან".

აქვე ვკითხულობთ, რომ აკაკი წერეთლის დრამა და ვალერიან გუნიას ვოდევილი "ქართული წარმოდგენების მმართველი ამხანაგობის" დასმა "მარჯანოვის სადებიუტოდ" წარადგინა.

1897 წელს კოტე მარჯანიშვილი საქართველოდან გაემგზავრა და სხვადასხვა ქვეყნის თეატრებში მოღვაწეობდა. 1904 წლიდან მისი სარეჟისორო კარიერა დაიწყო. სპექტაკლებს დგამდა კიევის, ხარკოვის, ოდესის, მოსკოვის თეატრებში.

1922 წელს რეჟისორი სამშობლოში დაბრუნდა. თბილისის რუსულ თეატრში დადგმული სამი სპექტაკლის შემდეგ მან რუსთაველის თეატრის სცენაზე წარმოადგენა ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყარო". სპექტაკლი ქართული თეატრისთვის საეტაპო აღმოჩნდა.

რუსთაველის თეატრის დასი, 1923 წელი. ფოტოს ახლავს დასის წევრთა ავტოგრაფები

1922 - 26 წლებში კოტე მარჯანიშვილმა რუსთაველის თეატრში დადგა გიორგი ერისთავის "გაყრა" ჟან-ბატისტ მოლიერის "გააზნაურებული მდაბიო", უილიამ შექსპირის "უინძორელი მხიარული ქალები" და "ჰამლეტი", გრიგოლ რობაქიძის "ლამარა" და სხვა სპექტაკლები.

დასში გაჩენილი უთანხმოების გამო 1926 წელს რეჟისორი რუსთაველის თეატრიდან წავიდა.

რუსთაველის თეატრის დასი ბორჯომში გასტროლებისას, 1923-1924 წლების სეზონი

რუსთაველის თეატრის დასი შექსპირის "ჰამლეტის" პრემიერის შემდეგ, 1925 წელი

1920-იან წლებში კოტე მარჯანიშვილმა სხვადასხვა ჟანრის ექვსი მხატვრული ფილმი გადაიღო.

    „ქარიშხლის წინ" (1924)
    „სამანიშვილის დედინაცვალი" (1927)
    „გოგი რატიანი" (1927)
    „ამოკი" (1927)
    „კრაზანა" (1928)
    „კომუნარის ჩიბუხი" (1929)

მხატვრული ფილმი "ამოკი" (1927), გადასაღები მოედანი


ნატო ვაჩნაძე იგონებდა: "კოტე მარჯანიშვილის შემოქმედებას ახასიათებდა დიდი გატაცება და აღფრთოვანება... ისე როგორც არავის, მარჯანიშვილს შეეძლო ადამიანში დაენახა მშვენიერება, შეეძლო ხელოვნებაში გამოეხატა თამაში... მასთან მუშაობა ჩემთვის და ყველა თანამშრომლისთვის უდიდესი სიამოვნების მომტანი იყო, იგი ფეიერვერკებივით აფრქვევდა თავისი ნიჭიერების ნაპერწკლებს და ჩვენ რამდენიც შეგვეძლო, ვითვისებდით ამ სიმდიდრეს".

მხატვრული ფილმი "კრაზანა" (1928), გადასაღები მოედანი

1928 წელს კოტე მარჯანიშვილმა თანამოაზრეები შემოიკრიბა და ამავე წლის 3 ნოემბერს სპექტაკლით "ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!" საფუძველი ჩაუყარა ქუთაის-ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრს.

1930 წელს, წარმატებული გასტროლების შემდეგ, ახლად შექმნილმა თეატრმა, როგორც მეორე სახელმწიფო თეატრმა, თბილისში, ზუბალაშვილების სახალხო სახლში დაიდო ბინა.

სანდრო ახმეტელი, სანდრო შანშიაშვილი, კოტე მარჯანიშვილი და დავით ჩხეიძე


კოტე მარჯანიშვილი:
 
"თეატრი ეს ისაა რაც აღავსებს ჩვენს ყოველდღიურობას.

თეატრის ან წარმოდგენის ელემენტები ყოველი ადამიანის სულს ახლავს, რადგან აქტიორობა თეატრის ნამდვილი არსია და ყოველ ჩვენგანში ზის იგი.
თვით თეატრი მხოლოდ მაშინ ხდება ხელოვნება, როდესაც იგი აერთიანებს ხელოვნების სხვა დარგებისათვის დამახასიათებელ ორ თვისებას: რიტმსა და ოსტატობას და რადგანაც ყოველი სახის ხელოვნების (და განსაკუთრებით თეატრის) ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ გარდაქმნას წარსული და მომავალი სასიამოვნო აწმყოდ, ესე იგი გარდატეხოს იგი თანამედროვე ეპოქის რიტმით, ნათელია, რომ
 
ყოველ ეპოქას აქვს თავისი თეატრი და თავისი სინამდვილე".