ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების თაობაზე.
რეზოლუციის ტექსტში საუბარია 2021 წლის 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, როდესაც "თბილისი პრაიდის" მიერ დაანონსებული აქცია ძალადობრივი ჯგუფების მიერ ჩაიშალა, რის შედეგადაც 50-მეტი ჟურნალისტი დაშავდა. აღნიშნულია ტვ "პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესახება.
ხაზგასმულია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას, ტელეკომპანია „პირველისა“ და „ფორმულას“ მფლობელების მიმართ აღძრული საქმეები.
რეზოლუციაში ასევე საუბარია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და აღნიშნულია, რომ მას უნდა მიეცეს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება.
ევროპარლამენტარები რეზოლუციით მოუწოდებენ, ევროკავშირის ინსტიტუტებს, რომ იმუშაონ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს.
"გამოვხატავთ რწმენას, რომ ქართველი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები იმსახურებს შესრულებას და ამიტომაც მოვუწოდებთ ევროკავშირის ინსტიტუტებს იმუშაონ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების პრინციპზე საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს", - აღნიშნულია დოკუმენტში.
რეზოლუაციაში ასევე საუბარია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირების თაობაზე.
"გამოვხატავთ შეშფოთებას იმ დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ასრულებს საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში, ასევე იმ კონტროლის გამო, რომელსაც ის ახორციელებს საქართველოს მთავრობაზე და მის გადაწყვეტილებებზე, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებული დევნის მხრივ; ასევე ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ კრემლთან ივანიშვილის პირადი და ბიზნეს კავშირების გამო, რაც განსაზღვრავს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პოზიციას რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების თაობაზე; მოვუწოდებთ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს გაითვალისწინონ ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მის მიერ შესრულებული როლის გამო" ნათქვამია ტექსტში.
რეზოლუციას მხარი 308 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 218 წავიდა.