საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური დახვედრის ცერემონია დღეს რომში, "კვირინალეს" სასახლეში საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა.
შესრულდა საქართველოს და იტალიის რესპუბლიკის ჰიმნები და პრეზიდენტებმა პატივი მიაგეს იტალიის რესპუბლიკის სახელმწიფო დროშას.
ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ საქართველოს და იტალიის პრეზიდენტები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართავენ შეხვედრებს და მედიისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ პირისპირ და გაფართოებულ შეხვედრაზე საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხზე და უკრაინაში რუსეთის სასტიკი აგრესიის შესახებ ისაუბრეს.
როგორც იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ განაცხადა, საქართველო ევროპული ცივილიზაციის ნაწილია და ის მისი ნაწილი უნდა იყოს.
მისი თქმით, რუსეთის მხრიდან დღეს ახალი საფრთხეების წინაშე ვდგავართ, უკრაინამ შეძლო და აჩვენა რუსეთის ნამდვილი და სასტიკი სახე, ეს ყველაფერი საფრთხეს ქმნის ჩვენთვისაც და რეგიონისთვისაც - საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია.
სერჯო მატარელამ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იტალიის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.
საქართველოს პრეზიდენტმა ქართველი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა იტალიას, რომ ქვეყანა ყველა საერთაშორისო ფორმატში მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამ გზაზე საქართველოს მხარდამჭერია.
30 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების გათვალისწინებით, საუბარი შეეხო საქართველო იტალიას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხებს.
სხვა სიახლეები.
საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო ვიზიტით იტალიიის რესპუბლიკას დღეს ეწვია.