ბორის ჯონსონმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი შეინარჩუნა.
კონსერვატიული პარტიის დეპუტატების უმრავლესობამ უნდობლობის გამოცხადების საკითხის კენჭისყრაზე მხარი ბორის ჯონსონის თანამდებობაზე დარჩენას დაუჭირა.
ბრიტანული მედიის ცნობით, უნდობლობის გამოცხადებას მხოლოდ 148-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი 211 იყო.
უნდობლობის გამოსაცხადებლად 180 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.
შემდეგი 1 წლის განმავლობაში, ბორის ჯონსონისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი პარლამენტში ვეღარ დადგება დღის წესრიგში.
ბორის ჯონსონის მიმართ უნდობლობის საკითხის დაყენება უკავშირდება 2020-2021 წლებში, პრემიერ-მინისტრის ოფისში გამართულ წვეულებებს, როდესაც ლონდონი პანდემიის გამო, მკაცრი ლოკდაუნის პირობებში იმყოფებოდა.
მაისში, ბრიტანეთის მთავრობის მაღალჩინოსანმა სუ გრეიმ გამოაქვეყნა მოხსენება, რომელიც შეიცავდა ინფორმაციას კორონავირუსის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების დარღვევის თაობაზე. როგორც გაირკვა, პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ასეთ წვეულებაში, რამაც უკმაყოფილება გამოიწვია პოლიტიკოსთა რიგებსა და საზოგადოებაში.
ბორის ჯონსონმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებდა.