რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მისი თვითმფრინავისთვის საჰაერო სივრცის დახურვას გამოეხმაურა, რომლითაც ის სერბეთში გამგზავრებას გეგმავდა.
ლავროვის თქმით, "წარმოუდგენელი და აღმაშფოთებელი რამ მოხდა".
"წარმოუდგენელი რამ მოხდა და მე მესმის თქვენი ინტერესი ჩვენი შეფასებით ამ აღმაშფოთებელი ქმედებების მიმართ. სუვერენულ სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის განხორციელების უფლება ჩამოერთვა. დაბლოკილია სერბეთის საერთაშორისო საქმიანობა რუსეთის მიმართულებით. თუ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი დასავლეთში აღიქმება, როგორც გლობალური მასშტაბის საფრთხე, მაშინ, როგორც ჩანს, დასავლეთში საქმე ძალიან ცუდად აქვს", - თქვა ლავროვმა.
ამასთან, ლავროვმა თქვა, რომ მოსკოვი საპასუხო ნაბიჯებს არ გადადგამას, რადგან "კიდევ უფრო არ დაიძაბოს ხალხთა შორის ურთიერთობები".
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიტი სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში, რომელიც 6-7 მაისს უნდა გამართულიყო, გაუქმდა. ვიზიტის გაუქმების მიზეზი ბულგარეთის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და მონტენეგროს მიერ ლავროვის თვითმფრინავისთვის საჰაერო სივრცის დახურვა გახდა.