უკრაინაში რუსეთს მიერ გაჩაღებული ომის გამო, შავ ზღვაში ათასობით დელფინი დაიღუპა. იტყობინებიან მეცნიერები, რომლებიც შავი ზღვის ეკოსისტემას სწავლობენ და აკვირდებიან.
უკრაინის ტუზლოვსკის ეროვნული ბუნებრივი პარკის კვლევითი დირექტორის, ივან რუსევის ინფორმაციით, მკვდარი დელფინები რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის უკრაინის, ბულგარეთის, თურქეთისა და რუსეთის სანაპიროებზე ირიყებიან.
ივან რუსევის განმარტებით, დელფინები იღუპებიან სამხედრო მოქმედებების შედეგად, მათ შორის ბომბებისა და ნაღმების აფეთქებით.
"ომის გამო, შავი ზღვის დელფინების ბედი ძალიან სამწუხაროა, მათი პოპულაციის აღდგენას ძალიან დიდი დრო დასჭირდება", - ამბობს რუსევი.
ამასთან, რუსევის თქმით, საომარი მოქმედებების გამო, დელფინებს დაერღვათ ნავიგაციის უნარები, რის გამოც საკვების პოვნა აღარ შეუძლიათ.
ბრიტანული გამოცემა Independent-ის ცნობით, ივან რუსევის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებზე აღბეჭდილია დელფინები, რომელთაც სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებული დაზიანებები აღენიშნებათ, მათ შორის დამწვრობის ნიშნები.
გამოცემის ცნობით, გასულ წელს, დაახლოებით მეოთხედი მილიონი დელფინი დაფიქსირდა შავ ზღვაში, მაგრამ უცნობია, ახლა რამდენი მათგანი იმყოფება ამ რეგიონში.