ევროკავშირმა რუსული გაზის ჩანაცვლების გეგმა შეიმუშავა, რათა თავი დააღწიოს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებას. იტყობინება "დოიჩე ველე" შიდა ბაზრის საკითხებში ევროკომისარ ტიერი ბრეტონზე დაყრდნობით.
ევროკომისრის განცხადებით, ყოველწლიურად ევროკავშირი რუსეთიდან 155 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის იმპორტს ახორციელებს.
ახალი სტრატეგიის ფარგლებში, ბრიუსელი 50 მილიარდი კუბური მეტრი თხევადი ბუნებრივი აირის მიღებას შეერთებული შტატებიდან ან ყატარიდან გეგმავს, 10 მილიარდი კუბური მეტრის იმპორტს არსებული მილსადენებიდან. ამასთან, 25 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ჩანაცვლება იგეგმება ქარის ტურბინებისა და მზის პანელებისგან მიღებული ენერგიით.
ევროკომისარ ბრეტონის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდა ევროპის დაქსაქსვას ენერგორესურსების გამოყენებით.
"ის ცდილობდა ჩვენს დაყოფას თავისი ვაქცინა "Sputnik"-ით, მან ყველაფერი გააკეთა, რათა ძირი გამოეთხარა ჩვენ დემოკრატიებისთვის "Russia Today"-ის დახმარებით და ახლა ის იყენებს გაზს ჩვენს დასაქსაქსად", - განაცხადა ბრეტონმა.
შეგახსენებთ, "გაზპრომმა" უკვე შეაჩერა გაზის მიწოდება ევროპის ხუთი ქვეყნის წამყვანი ენერგოკომპანიებისთვის, რადგან მათ უარი თქვეს რუსეთის მოთხოვნაზე, რუბლით გადაეხადათ ბუნებრივი აირის საფასური.