რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიტი სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში, რომელიც 6-7 მაისს უნდა გამართულიყო, გაუქმდა.
ვიზიტის გაუქმების მიზეზი ბულგარეთის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და მონტენეგროს მიერ ლავროვის თვითმფრინავისთვის საჰაერო სივრცის დახურვა გახდა.
ამ სამი ქვეყნის მიერ საჰაერო სივრცის დახურვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ დაადასტურა.
"სერბეთის მეზობელმა ქვეყნებმა მხოლოდ ერთი საათით ადრე დახურეს საჰაერო სივრცე თვითმფრინავისთვის, რომლიცაც მინისტრი ლავროვი ბელგრადში უნდა გამგზავრებულიყო. რუსეთის დელეგაციას ბელგრადში მოლაპარაკებები უნდა გაემართა და ევროკავშირისა და ნატოს წევრმა ქვეყნებმა საჰაერო სივრცე დაკეტეს. ეს არის კომუნიკაციის კიდევ ერთი დახურული არხი. კომუნიკაციების შეწყვეტის ინიციატორი დასავლეთია და არა რუსეთის ფედერაცია", - თქვა ზახაროვამ.
სააგენტო "ინტერფაქსის" შეკითხვას, რომელიც ვიზიტის გაუქმებას შეეხებოდა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა უპასუხა, რომ "რუსული დიპლომატია ტელეპორტირების უნარს ჯერ არ დაუფლებია".