ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ინფორმაციით, მსოფლიოში ლაბორატორიულად დადასტურებულია მაიმუნის ყვავილის 780 შემთხვევა.
ამდენად, დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა, 29 მაისიდან 523-ით გაიზარდა.
მაიმუნის ყვავილის შემთხვევები დაფიქსირებულია 27 ქვეყანაში. ჯანმო-ს შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ ამ ქვეყნებში ეს დაავადება არ ითვლება ენდემურად.
ორგანიზაციის თანახმად, ინფიცირების შემთხვევები უმეტესად დაკავშირებულია მამაკაცებს შორის სექსუალურ კონტაქტთან.
პაციენტების უმრავლესობამ განაცხადა, რომ მათ აქვთ მოგზაურობის ისტორია ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში და არა დასავლეთ ან ცენტრალურ აფრიკაში, სადაც მაიმუნის ყვავილის ვირუსი ენდემურია.
"მაიმუნის ყვავილის დადასტურება იმ პირებში, რომლებიც არ იმყოფებოდნენ ენდემურ ქვეყნებში, ატიპიურია. არაენდემურ ქვეყნებში მაიმუნის ყვავილის ერთი შემთხვევაც კი ითვლება ეპიდემიად", - განმარტავენ WHO-ში.
2 ივნისის მდგომარეობით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში არ აღურიცხავთ მაიმუნის ვირუსით გარდაცვალების შემთხვევები არაენდემურ ქვეყნებში. ენდემურ ქვეყნებში სიკვდილიანობა კვლავ ფიქსირდება.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ყველაზე მეტი ადამიანი - 58 - კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გარდაიცვალა, 3 ადამიანი გარდაიცვალა კონგოში, 2 გარდაცვალება დაფიქსირდა კამერუნსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ხოლო ერთი ნიგერიაში.
ჯანმო გლობალურ დონეზე რისკებს აფასებს, როგორც "ზომიერი".
მაისში, WHO-ს მაღალი რისკის პათოგენების განყოფილების ხელმძღვანელმა, რიჩარდ პებოდიმ განაცხადა, რომ მაიმუნის ყვავილის შემთხვევების მიუხედავად, დაავადების წინააღმდეგ მასობრივი ვაქცინაცია საჭირო არ არის.
მისივე თქმით, პირადი ჰიგიენის დაცვა და უსაფრთხო სექსი საკმარისი იქნება ინფექციის გავრცელების გასაკონტროლებლად.