მონტენეგრომ, ჩრდილოეთ მაკედონიამ და ბულგარეთმა საჰაერო სივრცე დახურეს იმ თვითმფრინავისთვის, რომლითაც 6 ივნისს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ვიზიტისთვის აპირებდა გამგზავრებას. აღნიშნულის თაობაზე სერბული გამოცემა Danas-ი იტყობინება.
გამოცემის ცნობით, სერბეთის პრემიერ-მინისტრმა ანა ბრნაბიჩმა კვირას განაცხადა, რომ ლავროვის ბელგრადში ვიზიტი "უკიდურესად გართულდა" ლოგისტიკური თვალსაზრისით. მისივე თქმით, სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი ცდილობს პრობლემის მოგვარებას.
"ნამდვილად დაუჯერებელია, რომ ევროპასა და მსოფლიოში შეიქმნა ვითარება, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტს უწევს სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრენის ლოგისტიკური საკითხების მოგვარება", - თქვა ბრნაბიჩმა სერბული ტელევიზიის ეთერში.
კიდევ ერთი სერბული გამოცემის, Vecherne Novosti-ის ცნობით, მან მოიპოვა მონტენეგროს ხელისუფლების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლის თანახმადაც აკრძალულია ლავროვის თვითმფრინავის საჰაერო სივრცეში გატარება.
ამ კვირის დასაწყისში ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ლავროვის ვიზიტზე შეთანხმება მიღწეულია, მაგრამ სანამ ყველაფერი არ გადაწყდება, სიტუაცია ბოლომდე ნათელი არ იქნება.
მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 6-7 ივნისს სერბეთში ვიზიტს გეგმავდა.