დღეს უკრაინაში, არტემოვსკი-ლისიჩანსკის გზატკეცილთან საბრძოლო მოქმედებების დროს რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი რომან კუტუზოვი დაიღუპა. ინფორმაციას InformNapalm ადასტურებს. გენერლის დაღუპვის შესახებ იუწყებიან რუსი პროპაგანდისტებიც.
რუსეთში გენერლის სიკვდლის გარემოებებზე არ საუბრობენ, მაგრამ აღნიშნავენ, რომ ის "წავიდა, როგორც ჯარისკაცი, როგორც მეომარი".
შეგახსენებთ, მაისის დასაწყისში აშშ-ის დაზვერვა უკრაინაში 8 რუსი მოკლული გენერლის შესახებ იუწყებოდა.
ასევე 24 მაისს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ლიკვიდირებულია გენერალ-მაიორი კამანატ ბოტაშევი, რომელიც საბრძოლო დავალებას თვითმფრინავ სუ-25-ით ასრულებდა.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ მისი აზრით, უკრაინაში საერთო ჯამში დაჭრილი და დაღუპულია 80 ათასამდე რუსი სამხედრო.