უკრაინაში ომის გაჩაღების გამო, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციები მკვეთრად უარყოფით გავლენას ახდენს რუსეთის ეკონომიკაზე, რუსეთის ეკონომიკა იშლება, - განაცხადა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა და ვიცე-კანცლერმა რობერტ ჰაბეკმა გერმანიის ბიუჯეტის პროექტზე ბუნდესტაგში დებატებისას.
ჰაბეკის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მთავრობა ჯერ კიდევ ბევრს გამოიმუშავებს ენერგომატარებლების ექსპორტით და "ეს მტკივნეულია", მაგრამ პუტინს "სულ უფრო ნაკლების ყიდვა შეუძლია მიღებული თანხით, ფაქტობრივად, უკევ აღარაფრის".
"რუსეთში ექსპორტი ქვეყნებიდან, რომლებიც უერთდებიან ეკონომიკურ სანქციებს, ბოლო თვეებში 53 %-ით შემცირდა, იმ ქვეყნებიდან კი, რომლებიც არ მინაწილეობენ სანქციებში 45%-ით", - აღნიშნა მინისტრმა.
"მაგალითად, რუსეთი აღარ იღებს უსაფრთხოების განახლებებს თვითმფრინავების პროგრამული უზრუნველყოფისათვის. შედეგად მისი თვითმფრინავები მალე მიწაზე დარჩებიან, ქვეყანას არ ყოფნის ტექნიკური საქონელი, რამაც დააზიანა წარმოების პროცესები. დრო რუსეთის წინააღმდეგ მუშაობს, ის მუშაობს რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ", - განაცხადა რობერტ ჰაბეკმა.
გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის მშპ უკვე 9%-ით შემცირდა, ხოლო რუსეთის აქტივობა ინვესტიციების სფეროში 34%-ით შემცირდა.
ამასთან, ჰაბეკმა აღიარა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გერმანიის ეკონომიკაზეც აისახება უარყოფითად. "თუმცა გერმანიას თავისი პოლიტიკური და ეკონომიკური წვლილს შეაქვს, რათა ეს ომი ოდესმე დასრულდეს", - განმარტა რობერტ ჰაბეკმა.