ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირმა მხარი უნდა დაუჭიროს უკრაინის სურვილს, გაერთიანდეს ბლოკში. ამის შესახებ მან ხუთშაბათს ბრატისლავის გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.
ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ ევროკავშირს აქვს ვალდებულება, მხარი დაუჭიროს უკრაინას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, "ეს ჩვენი ისტორიული პასუხისმგებლობაა".
"უკრაინელები გაბედულად იბრძვიან, რადგან ზუსტად იციან როგორი მომავალი სურთ. თავისუფალი და ღია საზოგადოების მომავალი, რომელიც მიეკუთვნება საერთო დემოკრატიულ საზოგადოებას. მათ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება. მჯერა, ეს არამხოლოდ ჩვენი სტრატეგიული ინტერესი, არამედ ჩვენი მორალური ვალდებულებაა, რომ დავუშვათ მათი გაწევრიანება ევროკავშირში და გზა გავუხსნათ მათ ჩვენი კავშირისკენ", - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ევროკავშირის ინვესტიციები უკრაინაში მჭიდროდ უნდა იყოს დაკავშირებული რეფორმებთან და რომ თავად უკრაინა უნდა აკმაყოფილებდეს გაწევრიანების პირობებსა და სტანდარტებს.
"მაგრამ რამდენად სწრაფად, რა სისწრაფიდ მოხდება ეს, დამოკიდებულია თავად ქვეყანაზე და ჩვენს მხარდაჭერაზე... ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად დავეხმარებით და მოვახდენთ ინვესტირებას, ხოლო უკრაინელი მეგობრების ხელშია, რას გააკეთებენ ისინი ამისგან", - თქვა ფონ დერ ლაიენმა.