ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროკომისრებთან შეხვედრებს განაგრძობს.
საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს შეხვედრა გამართა ევროკომისართან ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის საკითხებში, იოჰანეს ჰანთან და ევროკომისართან სოფლის მეურნეობის საკითხებში იანუშ ვოიცეხოვსკისთან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროკომისრებთან შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული დინამიური თანამშრომლობა, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებულ განაცხადის მნიშვნელობასა და შემდგომ ნაბიჯებზე.
მათივე ცნობით, ევროკომისართან ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის საკითხებში იოჰანეს ჰანთან შეხვედრაზე, განსაკუთრებით აღინიშნა წინა მოწვევის ევროკომისიაში, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში მანდატს დროს ევროკომისარის მიერ გაწეული აქტიური ძალისხმევა, რამაც ბევრი ხელშესახები შედეგი მოუტანა საქართველოს მოსახლეობას. ამ კონტექსტში, მხარეებმა ისაუბრეს ქ. თბილისში დაარსებულ აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპულ სკოლაზე.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ქვეყანაში ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე თუ განხორციელებულ რეფორმებს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ევროკავშირთან საქართველოს სექტორულ დაახლოებაზე და ამ კუთხით უკვე განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ ნაბიჯებზე.
სოფლის მეურნეობის საკითხებში ევროკომისართან შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შეთანხმების განხორციელებაზე, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდაში. მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნის საექსპორტო პოტენციალზე. მხარეები მიერ ხაზი გაესვა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შეთანხმების პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების მნიშვნელობას და ბაზრის გახსნის კუთხით ახალი შესაძლებლობების ძიებას.
ევროკომისრებთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული სამხედრო აგრესიის ნეგატიურ ზეგავლენას როგორც გლობალური უსაფრთხოებაზე, ასევე სხვადასხვა მნიშვნელოვან სექტორებსა თუ სფეროებზე.