მსოფლიო ფებურთის ბრაზილიელმა ლეგენდამ, 81 წლის პელემ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს მოუწოდა, შეწყვიტოს ომი უკრაინაში.
"აბსოლუტურად არანაირი გამართლება აქვს ამ განგრძობად ძალადობას. ეს ომი საშინელებაა, გაუმართლებელია და არაფერი მოაქვს ტკივილის, შიშისა და სიძულვილის გარდა", - ნათქვამია პუტინისადმი ღია წერილში, რომელიც პელეს ინსტაგრამზე გავრცელდა.
"მისი შეწყვეტის შესაძლებლობა თქვენს ხელშია, იმ ხელში, რომელსაც მოსკოვში 2017 წელს ჩვენს ბოლო შეხვედრაზე ხელი ჩამოვართვი", - ამბობს პელე.
მაშინ პელე მოსკოვში მონაწილეობდა ფიფას ღონისძიებებში, რომელიც წინ უძღვოდა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატს.
პელე ჟურნალმა Time-მა მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის დაასახელა.