დიდი ბრიტანეთი უკრაინას ამერიკული წარმოების ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს M270-ს გადასცემს. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა განაცხადა.
ამერიკული წარმოების იარაღის მესამე ქვეყნისთვის გადაცემას ვაშინგტონის თანხმობა სჭირდება. სწორედ ამ თანხმობის მისაღებად ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს 1-ელ ივნისს ესაუბრა. 2 ივნისს დაგეგმილია სატელეფონო საუბარი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივან ლიზ ტრასსა და სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენს შორის.
Politico-ს ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაცია ბრიტანეთს "თითქმის უკვე დათანხმდა".
Politico-ს ცნობით, HIMARS-სა და M270-ს აქვთ მსგავსი შესაძლებლობები და დიაპაზონი, მაგრამ HIMARS არის მსუბუქი ვერსია, რომელიც ბორბლებით გადაადგილდება 80 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით. მისი გამოყენებისას უკრაინელებს აქვთ შესაძლებლობა გახსნან ცეცხლი და სწრაფად გადაადგილდნენ გასროლის ადგილიდან, სანამ რუსული თვითმფრინავები მათ აღმოაჩენენ.
M270-ი მუხლუხოთი გადაადგილდება, რაც ნიშნავს, რომ ის უფრო ნელია ვიდრე HIMARS. მაგრამ ამავე დროს, HIMARS-ს შეუძლია ერთდროულად გაუშვას ექვსი რაკეტა, ხოლო MLRS - თორმეტი.
MLRS-ის რაკეტების მოქმედების არეალი დაახლოებით 80 კილომეტრია.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას HIMARS-ის სარაკეტო სისტემებს მიაწვდის.