ყვარლის რაიონის სოფელ გავაზაში ახალი სკოლა გაიხსნა. ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირადად ხელმძღვანელობდა.
"საქართველოში სკოლების მშენებლობა გაგრძელდება. ვიღაც-ვიღაცეებს შეიძლება ეგონოთ, რომ ჩვენ მხოლოდ დაპირებებს ვარიგებთ, თუმცა ეს ასე არ არის... მიუხედავად იმისა, რომ გადავიტანეთ ომი და ახლაც ოკუპაციის პირობებში ვართ, ჩვენ შევიმუშავეთ გეგმა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის და ამ გეგმას გავაზაში უკვე ვახორციელებთ: სოფელში შემოვიყვანეთ გზა, მოვახდინეთ წყლის სისტემის რეაბილიტაცია და დღეს, სოფელს ბევრად უკეთ მიეწოდება წყალი, ვიდრე ეს ადრე ხდებოდა. გარდა ამისა, აქ ახლახანს შემოვიყვანეთ გაზი და ტრაქტორები. ამ ყველაფრის გვირგვინი კი არის ეს სკოლა, რომელზეც ცოტა ხნის წინ, ბავშვები ვერც კი იოცნებებდნენ", - განაცხადა სააკაშვილმა სკოლის გახსნისას.
მისივე განმარტებით, მმართველი გუნდი დაპირებებს ყოველთვის ასრულებს და ამით სხვა ძალებისგან გამორჩეულია.
გავაზის ახალი საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. სკოლის მშენებლობა 4 900 000 ათასი ლარი დაჯდა. მასში 480 მოსწავლე ისწავლებს. სკოლა მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით აშენდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ სკოლის გახსნის შემდეგ პრეზიდენტმა ორ წარჩინებულ მოსწავლეს პერსონალური კომპიუტერები გადასცა.