საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით საქართველო, ევროინტეგრაციის გზაზე გაწეული ძალისხმევისა და განხორციელებული რეფორმებით იმსახურებს პოზიტიურ გზავნილს ევროპელი პარტნიორებისგან, მისივე თქმით როგორიც არ უნდა იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველო გააგრძელებს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს და მხარდაჭერას, ამის შესახებ ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხისას განაცხადა.
„ჩვენი ევროპული გზა არის შეუქცევადი პროცესი. ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველო, საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ჩვენი ამბიციური დღის წესრიგის მხარდაჭერას, ეს არის ჩვენი ხვალინდელი დღე. ეს არის ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროცესი და ჩვენ ამ გზას აუცილებლად გავაგრძელებთ. ჩვენ დიდი ინტერესით ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას. საქართველო ნამდვილად იმსახურებს შესაბამის გზავნილს, შესაბამის ხელშესახებ შედეგს ევროკავშირისგან. ჩვენი განხორციელებული რეფორმები გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება პოზიტიური“ - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
მინისტრის განცხადებით, საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ევროკომისია 15 ივნისამდე მიიღებს. როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა პარალელურად აგრძელებს პარტნიორებთან მუშაობას ამ მიმართულებით. მინისტრის თქმით, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, მას შეხვედრები ექნება ევროკომისრებთან და ევროპარლამენტარებთან, სადაც განიხილება საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე შეტანილ განაცხადთან დაკავშირებით არსებული მოლოდინები და შესაძლებლობები. „იმედი მაქვს, ეს შეხვედრები იქნება ძალიან ღია და შინაარსიანი და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა გავცვალოთ ხედვები, მოლოდინები და ის პერსპექტივები, რომელიც საქართველოს აქვს ამ პროცესში.“- აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.