უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა ყოველდღიურად 60-დან 100-მდე ჯარისკაცს კარგავს. ამის შესახებ მან ამერიკულ საინფორმაციო არხ Newsmax-თან ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, ყველაზე რთული ვითარება ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილშია, განსაკუთრებით სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკში.
"აღმოსავლეთში სიტუაცია ძალიან რთულია. ჩვენ ყოველდღიურად ვკარგავთ 60-დან 100-მდე ჯარისკაცს და დაახლოებით 500-მდე იჭრება საბრძოლო მოქმედებებში. ასე ჩვენ ვინარჩუნებთ თავდაცვით პერიმეტრებს", - თქვა მან.
ზელენსკიმ ინტერვიუში ასევე თქვა, რომ უკრაინაში აშშ-ის მიერ გაგზავნილი რაკეტები არ იქნება გამოყენებული რუსეთის ტერიტორიაზე არსებული სამიზნეების გასანადგურებლად.
"ვიცი, რომ ზოგიერთი ადამიანი შეერთებულ შტატებში, ან თეთრ სახლში ამბობს, რომ ჩვენ რაკეტებს გამოვიყენებთ რუსეთზე თავდასხმისთვის. ჩვენ არ ვგეგმავთ რუსეთზე თავდასხმას. ჩვენ მათ ტერიტორიაზე არ ვიბრძვით", - განაცხადა ზელენსკიმ.