ევროპული საბჭო უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის განაცხადების საკითხს ივნისის სხდომაზე განიხილავს. ამის შესახებ ნათქვამია ევროპული საბჭოს დასკვნით განცხადებაში, რომელიც ევროკავშირის ლიდერების საგანგებო სამიტის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა.
"ევროპული საბჭო ითვალისწინებს ევროკომისიის მიერ უკრაინის, ასევე მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადებზე მოსაზრებების მომზადებას და ამ საკითხს ივნისის შეხვედრაზე დაუბრუნდება", - ნათქვამია დოკუმენტში.
ამასთან , ევროპული საბჭო მოუწოდებს ყველა ქვეყანას, შეუერთდნენ ევროკავშირის სანქციებს.
"ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები გააძლიერებენ ძალისხმევას მესამე ქვეყნებთან კონტაქტების დასამყარებლად, რათა მხარი დაუჭირონ უკრაინას ყველა განზომილებაში, დაუპირისპირდნენ რუსეთის ცრუ ნარატივსა და ინფორმაციით მანიპულირებას და აღკვეთონ სანქციების თავიდან არიდება ან გვერდის ავლა", - ნათქვამია დოკუმენტში.
ამავდროულად, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გავლენას მეზობელ ქვეყნებზე და დასავლეთ ბალკანეთზე. განსაკუთრებით ხაზგასმულია მოლდოვის მხარდაჭერის საჭიროებას, რომელიც ენერგეტიკულ და ეკონომიკურ კრიზისს, ასევე ომის შედეგად მიგრაციულ ზეწოლას განიცდის.
შეგახსენებთ, საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს საქართველოს ოფიციალურად გადაეცა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს გაუგზავნა, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს.