ბრიუსელში, ევროპული საბჭოს საგანგებო და ხანგრძლივ შეხვედრაზე, ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტზე.
ლიდერებს შორის მიღწეული შეთანხმება რუსული ნავთობის იმპორტის ნაწილობრივ აკრძალვასა და რუსეთის უმსხვილესი ბანკის, საერთაშორისო საგადასახადო სისტემიდან, SWIFT-იდან "სბერბანკის" გარიცხვას ითვალისწინებს.
ამასთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ცნობით, ლიდერები შეთანხმდნენ სამი მსხვილი რუსული სახელმწიფო მაუწყებლის აკრძალვაზე.
"ჩვენ ვიცით, რომ დაგვჭირდა რამდენიმე კვირა, ვიდრე ამ გადაწყვეტილების მიღებას შევძლებდით, თუმცა დღეს ჩვენ გავაგზავნეთ ძალიან ძლიერი სიგნალი, რადგან ბოლო საათებში და ბოლო დღეებში იყო სპეკულაციები ევროკავშირის ერთიანობის ნაკლებობის საფრთხის შესახებ. ვფიქრობ, როგორც არასდროს, ახლა მნიშვნელოვანია, ვაჩვენოთ, რომ შეგვიძლია, ვიყოთ ძლიერები, მტკიცენი, რათა დავიცვათ ჩვენი ღირებულებები და ჩვენი ინტერესები", – განაცხადა შარლ მიშელმა.
სანქციების მე-6 პაკეტი ევროკომისიამ ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში მოამზადა, თუმცა რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვაზე შეთანხმება გაჭიანურდა, დიდწილად უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანი წინააღდეგობის გამო.