უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოქალაქეებისადმი ტრადიციულ ვიდეომიმართვაში, რომელიც 28 მაისს საღამოს გამოქვეყნდა, მოუწოდა მსოფლიო საზოგადოებას, აღიარონ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ.
"კიდევ და კიდევ შევახსენებ მსოფლიოს, აუცილებელია, რომ რუსეთი ოფიციალურად აღიარონ სახელმწიფო ტერორისტად, ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ. ეს უბრალოდ სიმართლეა. ეს ნათლად ასახავს იმ რეალობას, რომელიც ოკუპანტებმა შექმნეს უკრაინაში", - თქვა ზელენსკიმ და დასძინა, რომ რუსეთის ტერორისტულ მოქმედებებზე ასევე ისაუბრებს ევროპული საბჭოს სხდომაზე, რომელიც 30-31 მაისს გაიმართება.
ამავდროულად, ზელენსკიმ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებზეც ისაუბრა.
"ვითარება ძალიან მძიმეა, განსაკუთრებით დონბასსა და ხარკოვში, სადაც მტერი გარკვეული წარმატების მიღწევას ცდილობს. ოკუპანტების სამიზნე ლისიჩანსკი, სევეროდონეცკი, ბახმუტი, პოპასნა და სხვა დიდი ქალაქებია. ჩვენი მცველები მედგრად დგანან. ყოველდღე ვცდილობთ ჩვენი არმიის გაძლიერებას. ვცდილობთ, იარაღით აქტიურად მოვამარაგოთ. ბევრი რამ არის დამოკიდებული ჩვენს პარტნიორებზე და მათ დახმარებაზე... მტერმა ნიკოლაევში დასახლებული პუნქტი დაბომბა, სადაც საბავშვო ბაღი იყო. ერთი დაიღუპა, 7 დაიჭრა, ორი კი მძიმე მდგომარეობაშია... რუსეთის ტერორისტ სახელმწიფოდ უნდა გამოაცხადონ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს აუცილებლად მოხდეს. მტერს დაბლოკილი აქვს ხერსონის ოლქი და ადამიანებს გამოსვლის უფლებას არ აძლევენ, ტყვედ ჰყავთ აყვანილი. უკრაინა ყველა ტერიტორიას დაიბრუნებს. ეს გარდაუვალია", - თქვა ზელენსკიმ.