გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისი რეგულარულად აქვეყნებს უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ მონაცემებს.
26 მაისის მდგომარეობით, უკრაინაში რუსეთის ომს ემსხვერპლა 4 031 ადამიანი, მათ შორის 200 ბავშვი. ამასთან, გაერო 4 735 მოქალაქის დაჭრის შესახებ იუწყება.
"სამოქალაქო პირების სიკვდილის და დაჭრის შემთხვევების დიდი ნაწილი გამოწვეულია ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენებით ფართო მოქმედების ზონებში, მძიმე არტილერიის და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან ტერიტორიების დაცხრილვით და სარაკეტო და საავიაციო დარტყმებით", - ნათქვამია გაეროს მოხსენებაში.
გაეროს ექსპერტები აღნიშნავენ, რომ დაღუპულთა რეალური რიცხვი გაცილებით მეტია, რადგან ბევრი ცნობა ჯერ კიდევ საჭიროებს დადასტურებას, სადაც ბრძოლა გრძელდება, ინფორმაციის მიღება დაგვიანებულია.