ყველა ხელოვნურად შექმნილ ბარიერს ჩვენ მოვხსნით ისე, რომ დიასპორის წარმომადგენელს მარტივად შეეძლოს ქართული პასპორტის აღება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე - “ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისათვის" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის დავალებით, იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო მუშაობა და სექტემბერში შესაბამისი კანონპროექტი წარედგინება პარლამენტს.
„მოგესალმებით ქალბატონო პრეზიდენტო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, საპატრიარქოს წარმომადგენლებო, მთავრობის და პარლამენტის წევრებო, ძვირფასო თანამემამულენო! ძვირფასო დიასპორის წარმომადგენლებო, მოგესალმებით ყველას დიდი პატივისცემით, დიდი სიყვარულით!ყველას მინდა მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე. ჩვენ ყველანი ვართ ვალდებულნი, როგორც საელმწიფო, როგორც ხელისუფლება, რომ გავაკეთოთ მაქსიმუმი, იმისთვის, რომ ის კავშირი, რომელიც არსებობს დიასპორასა და სახელმწიფოს შორის, ეს კავშირი კიდევ უფრო გავაძლიეროთ, მეტად ეფექტური გავხადოთ და რაც მთავარია - ეს ყველაფერი უნდა იყოს შედეგებზე ორიენტირებული.
ძალიან კარგად მესის ჩვენი დიასპორის წარმომადგენლების ემოციები. მეც როცა ვიყავი სტუდენტი, საფრანგეთში სწავლის დროს, პირადად გამოვცადე ჩვენი დიასპორის ყოფა, ცხოვრება და მე ძალიან კარგად მესმის ის სირთულეები, რომელიც ჩვენს დიასპორის წარმომადგენლებს აქვთ. მე რამდენიმე აქცენტს გავაკეთებდი, რაც ჩემი დაკვირვებით და შემდეგ უკვე მთავრობაში მუშაობის დროს გამოიკვეთა - არის მთელი რიგი პატარა გადაუწყვეტელი საკითხები, რომელიც ძალიან გაუმარტივებდა პროცედურებს ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს. ბატონ რატი ბრეგაძესთან განვიხილეთ ერთ-ერთი კონკრეტული მაგალითი, როცა დიასპორის წარმომადგენელი მისი სურვილით ჩამობრძანდა საქართველოში და მოისურვა ქართული პასპორტის აღება, მაგრამ მცირე გრამატიკული შეცდომის გამო, ქართველმა პატრიოტმა კაცმა ვერ შეძლო პასპორტის აღება. მე ამის თაობაზე ვესაუბრე ბატონ რატის. ჩვენ ორივე ვთანხმდებით, რომ ეს არის გამოსასწორებელი. ჩემი დავალებით, იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო მუშაობა, სექტემბერში შესაბამისი კანონპროექტი წარედგინება პარლამენტს და ყველა ხელოვნურად შექმნილ ბარიერს ჩვენ მოვხსნით ისე, რომ დიასპორის წარმომადგენელს მარტივად შეეძლოს თავისი ქართული პასპორტის აღება“, - განაცხადა პრემიერმა.