სომხეთის პირველი კოსმოსური თანამგზავრი დედამიწის ორბიტაზე გაუშვეს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. იტყობინება "არმენპრესი".
"2022 წლის 25 მაისს, ერევნის დროით 22:35 საათზე, სომხეთის პირველი კოსმოსური თანამგზავრი კომპანია Space X-მა ფლორიდის შტატში მდებარე კეიპ კანავერალის სადგურიდან, დედამიწის დაბალ ორბიტანზე გაიტანა", - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
ფაშინიანის განცხადებით, ეს შესაძლებელი გახდა სომხეთის სახელმწიფო სააქციო საზოგადოება Geokosmos-სა და ესპანური კომპანია Satlantis-ს შორის თანამშრომლობის შედეგად.
"შეუძლებელია მომხდარის მნიშვნელობის გადაჭარბება, ამით სომხეთის რესპუბლიკა შედის კოსმოსური საქმიანობის ეპოქაში, ვიმედოვნებთ, რომ აღდგება ჩვენი მდიდარი ტრადიციები ამ სფეროში. ვგულისხმობ კოსმოსური კვლევისა და წარმოების სფეროს, რომელიც სომხეთში მრავალი წელია არსებობს. ამ კონტექსტში, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანაა სომხეთში კოსმოსური ტექნოლოგიების ლოკალიზაცია, ასევე კოსმოსური ტექნოლოგიების წარმოების ორგანიზება", - თქვა ფაშინიანმა.
ფოტო: არქივი/Nasa